გიორგი გახარია – საქართველოს და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ხალხებს შორის ძმობას ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ

ქართველები და უკრაინელები ვართ არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ გვაკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს შორის ძმობას ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, რა თქმა უნდა, საქართველო ელჩს გამოიძახებს კონსულტაციებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ან სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ და მხოლოდ კონსულტაციებისთვის იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ უკრაინელ ხალხთან ჩვენი სტრატეგიული, ძმური ურთიერთობები ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სამწუხაროდ, თავიანთი პირადი გაურკვეველი ამბიციებისა და ეგოების გამო რისკის ქვეშ აყენებენ ბევრ რამეს. მეორეს მხრივ, ჩემთვის გაუგებარია, ისეთი სამწუხარო გამოცდილების შემდეგ, რაც უკრაინას ოდესის შემდგომ გააჩნია, კიდევ ერთხელ ასეთი რამ ხდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გაურკვეველია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სასამართლოს მიერ მძიმე დანაშაულებისთვის უკვე თუნდაც „მრჩევლად“ ინიშნება.

„გასაგებია, რომ ის დაინიშნა არა მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, არამედ რაღაც მრჩევლად თუ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს მაინც გაურკვეველია. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ოდესის შემდგომ, რა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გაურკვეველი ისტორიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები დაგვებრუნებინა ნორმალურ, სტრატეგიული მოკავშირეობის ფარგლებში. მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული და ვიმყოფებოდი კიევში, მქონდა პირადი შეხვედრები. ელჩს ვიწვევთ კონსულტაციებისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენონ, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს, რომ ეს მათი ქვეყნის შიდა საქმეა, პრემიერმა ამ თემაზე დასმულ კითხვას უპასუხა, რომ მსგავს წინადადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება, რომ ისინი ასევე უზრუნველყოფენ, რომ შემდგომში სააკაშვილის მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს.

„როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია შენგენის ზონაში მოგზაურობაზე აკრძალვის გახანგრძლივებას 15 ივნისამდე გეგმავს
შემდეგი სტატიამთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“