გიორგი გახარია : საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ეს პლატფორმა შედეგიანად უნდა გამოვიყენოთ

წელს, გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ შედეგიანად და აქტუალურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს საქართველოს აძლევს საშუალებას, ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები დააყენოს დღის წესრიგში, ყველას დაანახოს დემოკრატიზაციის ის დონე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და ასევე ის გამოწვევებიც, რომელსაც ქვეყანა ყოველდღიურად ეხება.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დიპლომატიურ კორპუსს 2019 წელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადავუხადო2019 წელს გაწეული შრომისთვის. ეს ძალზე მნიშვნელოვანი წელი იყო. მიღწევები გვქონდა საკმაოდ ბევრი, შედეგიანი, მაგრამ შემდეგი წელი იქნება ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტიური.

ევროპის საბჭოს ტავმჯდომარეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები დავაყენოთ დღის წესრიგში და ყველას დავანახოთ დემოკრატიზაციის ის დონე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და ის გამოწვევებიც, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვეხებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, როგორც სტრუქტურირებული ფორმატი და შესაბამისი სტრატეგია დამტკიცდა მთავრობისა და პარლამენტის მიერ, რაც, გიორგი გახარიას განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსს საშუალებას აძლევს, ბევრად უფრო სისტემურად იმუშაოს.

„დიპლომატიურ კორპუსს მინდა მივულოცო. წელს იყო პირველი წელი, როდესაც ჩამოყალიბდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, როგორც სტრუქტურირებული ფორმატი და სტრატეგია, რომელიც დამტკიცდა ჯერ მთავრობის, შემდეგ პარლამენტის მიერ. ეს პირველად მოხდა და ეს აძლევს საშუალებას დიპლომატიურ კორპუსს, ბევრად უფრო სისტემურად, გააზრებულად და სტრუქტურირებულად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება თბილისის საკრებულოში – სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის ინიციატივით ღონისძიება „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ გაიმართა