გიორგი გახარია : საქართველო 100 სულ მოსახლეზე გარდაცვალების 0,3 პროცენტიანი, ყველაზე დაბალი მაჩვენებლით არის ევროპის 49 ქვეყანას შორის

საქართველო 100 სულ მოსახლეზე გარდაცვალების 0,3 პროცენტიანი, ყველაზე დაბალი მაჩვენებლით არის ევროპის 49 ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

„დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეპიდემიასთან ბრძოლაზე, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია.

ელემენტარულად, ციფრებზე რომ ვისაუბროთ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში 213 ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა არის 5 590 000-ზე მეტი და გარდაცვლილთა რაოდენობა, სამწუხაროდ, გახლავთ 347 000 ადამიანზე მეტი.

დღეს საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობა არის 735, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აქედან არის 557, სამწუხაროდ, გარდაცვლილი გვყავს 12 ჩვენი მოქალაქე.

დღეს საქართველო 100 სულ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებლით – 0,3-იანი მაჩვენებლით არის ევროპის 49 ქვეყანას შორის, ყველაზე დაბალი მაჩვენებლით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, უკიდურესი მნიშვნელობა აქვს სწორ ბალანსს, რამდენად ზუსტად, რამდენად ყურადღებით დავიცავთ ეპიდემიოლოგების მოთხოვნებს.

„გარდა ამისა, ჩენ უნდა გვესმოდეს, რომ ასევე და უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს საქართველოში ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით ქვეყანაში ვართ 123- ე ადგილზე. ეს რა თქმა უნდა არ არის საამაყო ციფრები და ეს არ არის მხოლოდ მთავრობის დამსახურება, ეს არის მთავრობის, ბიზნესის, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დამსახურება. მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ინფექციის, პანდემიის გავრცელება გვქონდეს კონტროლქვეშ.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავდგით ეკონომიკის გახსნის ის სწრაფი ნაბიჯები, რომელიც შეგვეძლო, გადაგვედგა, მაგრამ აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და პირველ რიგში, მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, აქ უკიდურესი მნიშვნელობა აქვს სწორ ბალანსს, რამდენად ზუსტად, რამდენად ყურადღებით დავიცავთ იმ მოთხოვნებს, რომელსაც წარგვიდგენენ ეპიდემიოლოგები. ეს გვაძლევს მეტ საშუალებას, ვიყოთ პროაქტიულები ეკონომიკის გახსნაში და საბოლოო ჯამში, ეს არის ერთადერთი საშუალება, ჩვენი ქვეყნისთვის ეს გლობალური კრიზისი, ეს გლობალური პანდემია ვაქციოთ შესაძლებლობად.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ხვალ ახალ მსოფლიოში გლობალური კონკურენციის სრულიად ახალი წესები იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უფრო წარმატებული, როგორც სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, ასევე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : არავინ არ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა