გიორგი გახარია: საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა პრეზიდენტმა და ამისთვის ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ

გიორგი გახარია – ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე, როგორიც არის: ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია და არა კონკრეტული ადამიანების საკითხზე

ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიას პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.რაც შეეხება ეროვნული შერიგების საკითხს, ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე და არა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით.

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით მე აზრი არ შემიცვლია, ბევრჯერ მაქვს ეს აზრი დაფიქსირებული და ცნობილია საყოველთაოდ. რაც შეეხება შერიგებას, საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, ყველამ. იმიტომ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიჰყავს წინ. შესაბამისად, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ – უნდა შევეცადოთ ყველანი, რომ პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ, იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა, საკანონდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება განსაზღვრული, იმით, რომ ქალბატონ პრეზიდენტს, ამ მისიის შესრულებაში, რომელიც მარტივი არ იქნება, დავეხმაროთ.

კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე, როგორიც არის: ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია და კიდევ ბევრი რამ. ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური: გიორგი მარგველაშვილს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – არ მოვადუნებთ ყურადღებას, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი, დიდი ოცნება და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია