გიორგი გახარია : რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის საქმიანბის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად.

„ჩვენი დღევანდელი მოხსენება, რომლითაც ჩვენ პირველ რიგში მოქალაქეების წინაშე წარვდეგბით, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ ვისაუბროთ შედეგზე კონკრეტული ოთხი მიმართულებით.

დღეს, რა თქმა უნდა, უსაფრხოება და ადამიანის უფლებები, ეს ის საფუძველია, რომელზეც შემდგომში უნდა დაშენდეს განვითარებული, წარმატებული სახელმწიფო და რომელმაც უნდა შექმნას ფუნდამენტური საფუძველი, რომ ჩვენ შეგვეძლოს ვისაუბროთ ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაზე.

მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ უსაფრთხოებით, რამეთუ დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითრებისთვის.

ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ჩვენი მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა, ეს არის ყველა სფეროს, პირველ რიგში, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20 პროცენტით. ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, დღეს უარღესად პასუხს აგებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.

„ბორდერიზაციით დაწყებული, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას კარგად გვესმის, რომ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცხინვალის რეგიონი, ისევე როგორც აფხაზეთი, ოკუპაციის ტერიტორიის იქითა მხარეც, ეს არის ჩვენი მოქალაქეები და ყველა ის სახელმწიფო სერვისი და მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით ჩვენს მოქალაქეებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის ეს ხელმისაწვდომი იყოს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპაციის ტერიტორიის იქითა მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეები არიან
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ოკუპაციის პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა და ის გადის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობაზე ამ პროცესებში