გიორგი გახარია – რეგიონში სტაბილურობა არის ჩვენი ძირითადი მიზანი

რეგიონში სტაბილურობა არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რამაც უნდა მოგვცეს საშუალება, ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ერევანში სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს.

გიორგი გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის.

„ჩვენ ნაყოფიერად ვისაუბრეთ. ჩვენი საუბრის საფუძველი არის ის საერთო ისტორიული ფასეულობები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეებს.

შევთანხმდით, რომ რეგიონში სტაბილურობა არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რამაც უნდა მოგვცეს საშუალება, ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის. ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პლატფორმებზე, კარგად ვთანამშრომლობთ ეკონომიკის მიმართულებით, კარგად ვთანამშრომლობთ კულტურის მიმართულებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა გახდეს უფრო ეფექტური, შედეგიანი და ინტენსიური. კიდევ ერთხელ მადლობა მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი საუბარი იქნება საქმიანი და შედეგიანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო. გიორგი გახარიას პატივსაცემად, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიარ იქნება გასაკვირი თუ კონსორციუმი ვერ შეასრულებს ვალდებულებებს – ბაქრაძე
შემდეგი სტატია60% “ქართულ ოცნებას” – კობახიძის ახალი წინასაარჩევნო პროგნოზი