პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მმართველი გუნდის დელეგაციის ქმედებებს გამოეხმაურა და მათ „სამარცხვინო“ უწოდა.
გახარიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ეუთო-ს საზოგადოების მოტყუება ვერ შეძლო, დელეგაციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რაზეც ასამბლეის პრეზიდენტისგან, პერე პონსისგან შესაბამისი პასუხი მიიღო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მმართველი პარტიის ეს ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
„„ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს რეპუტაცია დანგრეული: ქვეყნის შიგნით ისინი სიმართლეს ძალადობით, ციხითა და ჯარიმებით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ კი – სამარცხვინო ისტერიით. მაშინ, როდესაც რუსეთი ანექსიურ პროცესებს აჩქარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, „ქართული ოცნება“ ახდენს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პლატფორმის საბოტაჟს, ნაცვლად იმისა, რომ იგი ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს. ეს არის მძიმე, პირდაპირი დარტყმა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სასიცოცხლო ინტერესებზე“, – წერს გიორგი გახარია.
















