გიორგი გახარია ფოთის საზღვაო აკადემიის გახსნაზე – 7 თვის წინ, აქ იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2020 18:02

გიორგი გახარია ფოთის საზღვაო აკადემიის გახსნაზე – 7 თვის წინ, აქ იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება

დაახლოებით 7 თვის წინ, ამ შენობის ადგილზე იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს საზღვაო კარიბჭე და მომავალშიც ეფექტურად გააგრძელებს ამ მისიას. მისივე თქმით, ეს ყველაფერი შეუძლებელია კვალიფიციური კადრების გარეშე და სწორედ ამიტომ გაიხსნა ფოთში 100 წლის ისტორიის მქონე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი.

„მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო ფოთელებო! დღეს ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ფოთელებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც პირდაპირი მონაწილეობა მიიღო ამ შენობის აღდგენაში, საზეიმო დღეა. აპრილში, დაახლოებით 7 თვის წინ, ამ შენობის ადგილზე იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება. ამიტომ მინდა, თითოეულ ადამიანს, მშენებელს, ყველას, ვინც ამ ღონისძიებაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა, უდიდესი მადლობა გადავუხადო, რამეთუ ეს არის ჩვენი მომავლის გარანტი. ეს არის ის, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო და ეს საგანმანათლებლო დაწესებულება არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ფოთის მომავალი.

ყველას კარგად გვესმის, რომ ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს საზღვაო კარიბჭე, ყველას კარგად გვესმის, რომ ფოთის ფუნქცია მომავალშიც იქნება, რომ ეფექტურად გააგრძელოს აღნიშნული მისია, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია მაღალი კვალიფიკაციის კადრების გარეშე. სწორედ ამიტომ, აქ გაჩნდა ბათუმის, 100 წლის ისტორიის მქონე საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელიც შეძლებს ერთდროულად სასწავლო პროცესი გამართოს 1 000 სტუდენტისთვის,“ – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული დაწესებულების დამთავრების შემდეგ ქართველ მეზღვაურებს ექნებათ მაღალანაზღაურებადი სამსახურები, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.

„ზუსტად შვიდი თვის წინ, აპრილში, ამ შენობის ადგილზე იყო სრულიად განადგურებული ნანგრევები და დღეს აქ არის ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელსაც 1000 სტუდენტის მომზადება შეეძლება. ესენი იქნებიან მაღალი კვალიფიკაციის ქართველი მეზღვაურები, რომელთაც ექნებათ მაღალანაზღაურებადი სამსახურები, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. დღეის მდგომარეობით, საქართველოში განათლება მიღებული მეზღვაურები უდიდესი მოთხოვნით სარგებლობენ საერთაშორისო ფლოტილიებზე, ისინი ცურავენ დღეს სხვადასხვა ოკეანეებში, სხვადასხვა დროშის ქვეშ და საქართველოში ყოველწლიურად მათი ეკონომიკური შემონატანი არის 140 მილიონ დოლარზე მეტი. ეს უზარმაზარი დარგია, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ აქ ამ საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების და 100 წლის შემდეგ ფოთში ბრუნდება საგანმანათლებლო დაწესებულება, ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქალაქისთვისაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი და საქართველოს შესაძლებლობა. მისივე თქმით, ყველაფერს, რასაც მთავრობა ამ მიმართულებით აკეთებს, აქვს უდიდესი გათვლა მომავალზე და თითოეული ლარი -დახარჯული მომავალი თაობის განათლებაში, ისეთ სპეციფიურ სფეროში, როგორიც არის საზღვაო ტრანსპორტი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

„შეუძლებელია, გადაჭარბებულად ისაუბრო იმაზე, რა მნიშვნელობა ექნება ამ სასწავლო დაწესებულებას სამეგრელოსთვის და საქართველოსთვის. აქ მომზადდებიან უმაღლესი კვალიფიკაციის ჩვენი, ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მინდა გაგახსენოთ, რომ დღესაც, ძალზედ წარმატებულად დაცურავენ მსოფლიოს სხვადასხვა ოკეანეებში და გარდა იმისა, რომ ასახელებენ თავის ქვეყანას, ძალზედ სერიოზული ეკონომიკური წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ყოველწლიურად, საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები, ქვეყნის ბიუჯეტში, საერთოდ საქართველოში რიცხავენ დაახლოებით 140 მლნ დოლარს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკა იქნება სრულიად სხვა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ეფექტური და ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზღვაო ტრანსპორტის განვითარება არის ქვეყნის მომავალი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი და საქართველოს შესაძლებლობა. ამიტომ, ყველაფერს, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, აქვს უდიდესი გათვლა მომავალზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ლარი, დახარჯული ჩვენი მომავალი თაობის განათლებაში, ასეთ სპეციფიურ სფეროში, როგორიც არის საზღვაო ტრანსპორტი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ფოთი, როგორც ქვეყნის საზღვაო კარიბჭე, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და გახდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. საქართველოს შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურა არის ქვეყნის, მთავრობის პრიორიტეტი და მომავალი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, განვითარდეს ფოთი, განვითარდეს ასევე ანაკლია და ყველა ის საზღვაო პროექტი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გადათარგმნა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის რეალურ შემოსავლებში. სხვანაირად შეუძლებელია ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური პლატფორმის, ლოგისტიკური ჰაბის განვითარება და ამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ფოთმა, ფოთის პორტმა უაღრესად დიდი მნიშვნელობა უნდა შეიტანონ ამ საქმეში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მომავალი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები.

„რადგან ფოთში ვართ, მინდა გითხრათ, რომ მე ერთხელ უკვე ვთქვი და ხაზგასმით მინდა გავიმეორო, მომავალი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები. გარდა იმისა, რომ აქ დაიწყება და დასრულდება ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის და ტერმინალის მშენებლობა, გარდა იმისა, რომ მოეწყობა შემოვლითი გზა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ფოთელებმა ცოტა უფრო კომფორტულად იცხოვრონ ყოველდღიურად და ეს სატვირთო ტრანსპორტი არ მოძრაობდეს შუა ქალაქში. მე მესმის, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, სამწუხაროდ, ფოთში განსაკუთრებით დროში გაგვეჭიმა. ვერ მოხდა დროულად საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და წესრიგში მოყვანა, თუმცა მინდა თითოეულ თქვენგანს დავპირდე კიდევ ერთხელ, რომ მომავალი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი საერთო საქმე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს. რაც შეეხება ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას, მე მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ახალგაზრდა მოქალაქეს, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი და არ აქვს არჩეული პროფესია, მივმართო და ვურჩიო, ყურადღება გაამახვილონ ფოთის საზღვაო აკადემიაზე, ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალზე, რომელიც 2021 წლიდან შეძლებს 1 000 სტუდენტს უმასპინძლოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროფესია, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული პროფესია, ეს არის საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მომავალთან დაკავშირებული პროფესია და რაც მთავარია, ეს არის პროფესია, რომელმაც უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ განვავითაროთ ქვეყანა, საქართველო, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში, მინდა წარმატებები ვუსურვო პედაგოგებს, რომლებიც იმუშავებენ, იშრომებენ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მინდა, წარმატებები ვუსურვო იმ პირველ სტუდენტებს, რომლებიც 2021 წლიდან დაიწყებენ სწავლას ამ დაწესებულებაში, დაასრულებენ და ექნებათ შესაძლებლობა, ასახელონ საქართველო საერთაშორისო ფლოტილიაზე. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გილოცავთ და მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორები და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი 1 000 სტუდენტზეა გათვლილი. სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი იქნება.

საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტებს 2021 წლიდან მიიღებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები მოკლევადიანი სასწავლო კურსების გავლას შეძლებენ.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის გახსნის ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ეკუთვნის. საზღვაო სასწავლებლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა გამოიყო, რომელიც ფაქტობრივად დანგრევის პირას იყო. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და პირვანდელი სახე მაქსიმალურად დაუბრუნდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2020 18:02