გიორგი გახარია პარლამენტში წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს

news
ავტ.: news ივნისი 26, 2020 10:06

გიორგი გახარია პარლამენტში წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს. მმართველი გუნდი მთავრობის ერთწლიან საქმიანობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პანდემიის პერიოდს ღირსეულად გაუმკლავდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება დებატებსა და დისკუსიაში. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრისგან საინტერესო იქნება არამხოლოდ გაწეული სამუშაოს შეჯამება, არამედ სამომავლო პრიორიტეტების მოსმენა.

„პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წარადგენს მთავრობის წლიურ ანგარიშს, როგორც ეს რეგლამენტით და კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ამის ნაწილი არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა რეგულარულად არის წარმოდგენილი პარლამენტში. სწორედ ეს არის ძლიერი დემოკრატია, როდესაც პარლამენტი სვამს კითხვებს, მთავრობა პასუხობს და როდესაც ამ ყველაფერს აკვირდება საზოგადოება. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა თავისი გუნდის მხრიდან პარლამენტში. ველი, რომ იქნება საინტერესო დებატები და დისკუსია. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება არამხოლოდ გაწეული სამუშაო შეჯამება, არამედ სამომავლო პრიორიტეტების მოსმენა პრემიერ-მინისტრის მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს საპარლამენტო ოპოზიციაც დაესწრება. უმცირესობა საქართველოს მთავრობის მუშაობას უარყოფითად აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან ძირითადი კითხვები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ექნებათ. უმცირესობის კითხვები ექნება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც.

„რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრთან ძალიან ბევრი კითხვაა. ბევრი შეკითხვა უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას, რადგან ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დარჩა ბედის ანაბარა. მათ რეალურად არ მიუღიათ დახმარება და საინტერესოა, რას სთავაზობს მათ სახელმწიფო. გარდა ამისა, კითხვები გვექნება ზოგადად, ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებაზე, რადგან ვხედავთ, რომ კრიზისი ღრმავდება. საზღვრები ვერ იხსნება და შესაბამისად, ჩვენ წინ გველოდება ძალიან მძიმე ეკონომიკური რეალობა. „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა რა არის, მგონი, ყველასთვის გაუგებარია. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით გვექნება მასთან შეკითხვები”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

news
ავტ.: news ივნისი 26, 2020 10:06

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics