გიორგი გახარია – მთავრობის ძირითადი ამოცანაა ძლიერი ქართული ბიზნესი

region
ავტ.: region დეკემბერი 30, 2019 11:48

გიორგი გახარია – მთავრობის ძირითადი ამოცანაა ძლიერი ქართული ბიზნესი

ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანაა ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებზე აღნიშნა, რომ ეკონომიკის მიმართულებით მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სამუშაო ადგილებია.

„სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს, თუმცა უნდა ვიმუშაოთ მეტი, კონცენტრირებულად და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში გახლავთ ქართული ბიზნესი. ჩვენ გავააქტიურეთ ურთიერთობა, თანამშრომლობა ბიზნესთან, მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევები, რომლებსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, 10 თვის მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 5%-ზე მეტი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს წლის საბოლოო მონაცემებსაც.

„კარგი მონაცემები გვაქვს მესამე კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. გვაქვს 14%-იანი ზრდა, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა დავანახოთ მაქსიმალურად ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კარგი მონაცემები გვაქვს ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ციფრმა 9 მილიონს გადააჭარბა.

„დღეს, ასევე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები – მესტია, გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი, დღეს მზად არიან უმასპინძლონ ჩვენს უცხოელ სტუმრებს, ტურისტებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა, ასევე ისაუბრა სულ რამდენიმე კვირის წინ დაწყებულ დაჩქარებულ პრივატიზაციაზე.

„ეს ნიშნავს 100 ქონებას, რომელიც მუდმივად იქნება ეკონომიკის სამინისტროს ნუსხაში და რომელიც გვაძლევს საშუალებას, გავააქტიუროთ ის აქტივები, რომელიც ჯერ აქამდე ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებდა. სულ რამდენიმე კვირის, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში უკვე მოხდა 28 ქონების რეალიზაცია, რაც დაახლოებით 45 მილიონ ლარს აღემატება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2020 წლიდან დაიწყება. გიორგი გახარიას თქმით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმაა და სამი წლის განმავლობაში აღნიშნული პრობლემას მოგვარდება.

„ეს რეფორმა გვაძლევს საშუალებას, რომ მიწა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური აქტივი იყოს ჩართული სრულად ეკონომიკურ ცხოვრებაში და ბრუნვაში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა, ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“.

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობის ისეთი წარმატებული პროექტები, რომლებიც წლებია ხორციელდება, მაგალითად „აწარმოე საქართველოში“, რომელიც საჭიროებას შემდგომ განვითარებას, შემდგომ მოდერნიზებას, 2020 წლისთვის უნდა მივიდეს თითქმის თითოეულ ქართულ ოჯახში, ის გაიშლება რეგიონებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები, მეწარმეობის დახმარების, ისევე როგორც ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით გაშლილი რეგიონში და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე, გახდეს მეწარმე, იქნება ის ახალგაზრდა, რომლებისთვისაც განსაკუთრებული პროგრამები იქნება, ჩვენ მივესალმებით და ყველა მხრივ დავუჭერთ მხარს იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება, ადამიანებმა იზრუნონ პირველ რიგში, თავიანთ კეთილდღეობაზე და ყველაზე წარმატებულებმა შეძლონ შემდგომში შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

region
ავტ.: region დეკემბერი 30, 2019 11:48