„გიორგი გახარია: „მოვუწოდებ საარჩევნო კომისიის წევრებს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, ჩვენი უფლება-მოვალეობები განვახორციელოთ კეთილსინდისიერად

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ვალდებულება გავაკეთოთ არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის. დღის პირველი ნახევრის მონაცემები ჩვენ გვაძლევენ იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქეებს სრულად აქვთ გათვითცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები და რომ ეს არის განახლების არჩევნები. მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც უკვე დააფიქსირა თავისი ნება და მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, მინდა გადავუხადო მადლობა. ასევე, მინდა მოვუწოდო ყველას – მივიღოთ მონაწილეობა იმ არჩევნებში, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი მომავალი, იმ არჩევნებში, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის განახლება, შემდგომი განვითარება და ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება!“ – მიიმართა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მოქალაქეებს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს განახლების არჩევნებია! დღეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ, უნდა წავიდეთ წინ და უნდა დავიწყოთ ქვეყანაში მშვიდობიანი ცვლილებები. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი!“- განაცხადა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს მოქალაქეების ნების გამოვლინების დაცვისა და საკუთარი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისაკენ მოუწოდა.
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს შრომობს, როგორც საჯარო მოხელე, როგორც საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო კომისიის უბნებზე წევრი – მინდა მოვუწოდო მათ, რომ დაიცავით საქართველოს მოქალაქეების ნება, კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენი უფლება-მოვალეობები, რადგან ეს განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეს განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას! ამასთან ერთად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა და უამრავ დარღვევას ჰქონდა ადგილი დღის განმავლობაში – იქნება აღრიცხული, დაფიქსირებული როგორც ჩვენს მიერ, ასევე, დამკვირვებლების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამიტომ, კიდევ მოვუწოდებ საარჩევნო კომისიის წევრებს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, ჩვენი უფლება-მოვალეობები განვახორციელოთ კეთილსინდისიერად. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი.“ – მიმართა გიორგი გახარიამ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებაში ჩართულ პირებს.“

გიორგი გახარიამ მოქალაქეებს აქტიურობის გაგრძელებისკენ და საკუთარი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
„მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდო – მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. დავუმტკიცოთ, დავუმტკიცოთ ერთმანეთს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო. მოდით არჩევნებზე!“- მიმართა გახარიამ მოქალაქეებს.

banner
წინა სტატიაშისისხლიანი დაპირისპირება მარნეულში-“ოცნების” წევრმა “ლეიბორისტული პარტიის” დამკვირვებელი დაჭრა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – არჩევნები მიდის უამრავი დარღვევით და გაყალბების მცდელობით