გიორგი გახარია – მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად სახეზეა პოზიტიური დინამიკა, თუმცა დღეში, დაახლოებით 1 500-მდე შემთხვევა საქართველოსთვის მაინც მაღალი ციფრია

მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება პირველ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად სახეზეა პოზიტიური დინამიკა, თუმცა დღეში, დაახლოებით 1 500-მდე შემთხვევა საქართველოსთვის მაინც მაღალი ციფრია.

„მოგეხსენებათ, იანვარში საერთოდ თითქმის უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენ ყველას ერთად გვიწევს პანდემიასთან ბრძოლა. დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა რომ 1 წელი გავიდა რეალურად პანდემიასთან ბრძოლა საქართველოშიც და გლობალურად მსოფლიოშიც გრძელდება. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 1177 შემთხვევა ინფიცირებისა, რაც რა თქმა უნდა იმ მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიებების შედეგად, რომელიც ჩვენ ბოლო 2 თვის განმავლობაში განვახორციელეთ პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურ ციფრებში დღეს დაახლოებით დღეში 1500 ინფიცირებული საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი ციფრია და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და პირველ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ. ყველას უნდა გვესმოდეს, ვხედავთ რა ხდება ევროპაში, ყველგან მძიმდება მდგომარეობა, შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში, ქვეყანაში პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც დღეს მოქმედებს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ შემუშავდეს ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა.

„ამასთან ერთად, პარალელურად, ჯანდაცვის, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ ერთად შევიმუშაოთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა, ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ასევე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავეთ. მოგეხსენებათ, შემდგომი ეტაპისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულად გავაგრძელოთ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ისე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტათი უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა, აქ 3 ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში, პირველ რიგში ეს გახლავთ – ტესტირების სქემის შეცვლა, მოგეხსენებათ ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა გაზრდილია და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, მეორე იქნება ასევე მნიშვნელოვანი – მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება, იქ სადაც ეს საჭირო იქნება და რა თქმა უნდა – ვაქცინაცია,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიდეკემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 192.5 ლარი შეადგინა
შემდეგი სტატიაგიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტები გამოიკითხებიან