გიორგი გახარია – მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, ჩვენი მოქალაქეებისთვის არანაირი რისკი არ იქნება, ჩვენ ამას ვმართავთ

ჩვენ უნდა შევძლოთ, ვმართოთ ეფექტურად, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, შესაბამის რაოდენობის პისიარტესტების ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდეს და რისკები შევამციროთ, რასაც წარმატებით ვაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის პანდემიის მართვის მიმართულებით მიიღო.

​„ეს არის ძირითადად ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ. აქედან მთავარია, რა თქმა უნდა, ბათუმსა და ქობულეთში პირველი ოქტომბრიდან სასწავლო წლის განახლება კლასებში, თუმცა დისტანციურად დაიწყება, როგორც ყველგან. ასევე, მნიშვნელოვანია ნაცვალგების პრინციპით როდესაც უცხოელები შემოდიოდნენ, მათთვის 72-სათიანი პისიარტესტის მოთხოვნა და რა თქმა უნდა, სოციალური ღონისძიებების მოთხოვნების გამკაცრება. ისევე, როგორც საკარანტინო დღეების შემცირება. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით ეს საკმარისია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში სიტუაცია მართვადია.

„ხაზგასმით მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ იმისთვის და ყოველთვის ვამბობდით, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. ცალკე აღებული ქვეყანა საქართველო გლობალურ პანდემიას სრულად, რა თქმა უნდა, ვერ დაამარცხებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, ვმართოთ ეფექტურად, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, შესაბამის რაოდენობის პისიარტესტების ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდეს და რისკები შევამციროთ, რასაც წარმატებით ვაკეთებთ. მთავარია, მინდა, ყველა დავაწყნარო, დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად და მიუხედავად იმისაა, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკაც, ახლა დავიწყებთ სასწავლო წელსაც ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, მაგრამ არანაირი რისკი ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იქნება. ჩვენ ამას ვმართავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე – სარიტუალო და სადღესასწაულო ღონისძიებებზე მონიტორინგი და საჯარიმო სანქციები უფრო მკაცრი იქნება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა შესაძლებელია, სხვა სივრცეებში, მათ შორის სასტუმროებშიც გაგრძელდეს