გიორგი გახარია – მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აზომვით სამუშაოებში გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აზომვით სამუშაოებში გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება.ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ქედაში ისაუბრა, სადაც მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის  და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. 

პრემიერის თქმით, „ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში აჭარაში დაგროვდა, ეს არის მიწის რეგისტრაცია“.

„ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური პროგრამა – მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება და სამ წელიწადში ეს პრობლემა ქვეყანაში და მათ შორის აჭარაშიც აღარ იქნება. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აზომვით სამუშაოებში გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება. ბევრი რამ უნდა დავასრულოთ, რაც დავიწყეთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას აქვს სისტემური ინფრასტრუქტურის პრობლემებიც, როგორიცაა, გზა, წყალი გაზი. ყოველდღიურად უკეთესობა ეტყობა, როგორც ბათუმს, ქედას, ასევე მთლიან საქართველოს. ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ქართველ გლეხს ყოველთვის გვერდით დაუდგება, ვიდრე გლეხი ძლიერი ფერმერი არ გახდება.

” რა თქმა უნდა, ჩვენს გლეხს უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გლეხი გახდეს ფერმერი, გაეზარდოს შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცებს მოგვიწოდებენ, არავის ეგონოს, რომ მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო დატოვებს, ვიდრე გლეხი არ გახდება ძლიერი ფერმერი, არ დაასაქმებს ადამიანებს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იქნება ფუნდამენტი და მასზე არ დადგება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ამიტომ, როგორც ყოველთვის, ციტრუსის ნაწილში, როგორც არასტანდარტული, ასევე სტანდარტულის ექსპორტზე გატანის ნაწილში, სახელმწიფო, როგორც ედგა აჭარელ გლეხს გვერდით, ასევე დაუდგება მომავალში. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა სად ვართ, რას ვაკეთებთ, რა პროფესიაში ვართ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სოფელზე, დაბაზე, ქალაქსა და ქვეყანაზე.”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერზე: ეს არის რუსული დაკვეთა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – 2012 წლიდან მოყოლებული, ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, ერთიანი ძალისხმევით იყო შესაძლებელი