გიორგი გახარია: მედიაზე სისტემური თავდასხმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, რასაც ჰქონდა ადგილი, ამაზე თქმა რომ ეს „მიუღებელია“ – არის არაფრის თქმა, ამას თავისი შედეგები მოჰყვება!

პარტია „საქართველოსთვის“ დღეს ზუგდიდში ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. პარტიის თავმჯდომარემ – გიორგი გახარიამ მედიის კითხვებს უპასუხა და ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მძიმე მოვლენების შეფასების დროს, ხაზი გაუსვა, რომ მმართველი ძალის პოზიცია სახელმწიფოს უსუსურობაში გადაიზარდა.

„რაც შეეხება მედიას – მედიაზე სისტემური თავდასხმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, რასაც ჰქონდა ადგილი და ამას ჩვენ უბრალოდ პირდაპირ ეთერში ვხედავდით, თქმა რომ ეს „მიუღებელია“ – არის არაფრის თქმა, დასაგმობია, ამას თავისი შედეგები მოჰყვება! დღეს, საქართველოში ჩვენ თუ გვინდა ევროპული ფასეულობები და ევროპული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, მედიის, თავისუფალი მედიის გარეშე არაფერი არ იქნება! მოგვწონს მედია ჩვენ თუ არ მოგვწონს, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია!

ჩვენ გვყავს ისეთი მედია, როგორიც გვყავს და ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ ეს მედია დავიცვათ, რომ ეს მედია ჩვენთან ერთად განვითარდეს. ის სისტემური ძალადობა მედიაზე, რომელიც იყო – კატეგორიულად მიუღებელია. წაახალისა თუ არა ეს სახელმწიფომ? სახელმწიფომ ეს ყველაფერი პირდაპირ წაახალისა თავისი უსუსურობით.“ – ამბობს გიორგი გახარია.

მისი თქმით, ხელისუფლების, მმართველი ძალის პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ მან უნდა უზრუნველყოს წესრიგი, მშვიდობა და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ მოქალაქის მრწამს. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. უმრავლესობის და ეკლესიის ზურგს ამოფარებული მმართველი ძალა, რომელიც შემდგომ თავის უმოქმედობას უბრალოდ ხსნის იმით, რომ მე ეს ყველაფერი გითხარით წინასწარო, გაგაფრთხილეთო – არის უსუსურობა, ეს არსი პირდაპირი წახალისება სახელმწიფოს დემონტაჟის, საერთოდ ქვეყანაში ინსტიტუციონალური აღრევის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პირველი არხის ოპერატორმა კლინიკა დატოვა
შემდეგი სტატიავოლსკი – ჩვენი მომავალია ევროატლანტიკური ინტეგრაცია