გიორგი გახარია – მე არ შევაფასებ პრეზიდენტის გამონათქვამს, მე გეტყვით, რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი

აშშ არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ჭრილში ძირითადი და სტრატეგიული მხარდამჭერი, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვას, რომელიც ამერიკულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას შეეხებოდა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ის საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამს არ შეაფასებს.

„მე არ შევაფასებ პრეზიდენტის გამონათქვამს. მე გეტყვით, რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, როგორც ქვყენის ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ჭრილში ძირითადი და სტრატეგიული მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმრიხივი ურთიერთობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის ნაწილში, არის ამ ქვეყნის პრიორიტეტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კითხვას, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა: „არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში სესია, რომელზეც შს მინისტრს უსმენენ, თითქმის ცარიელ დარბაზში განახლდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – პარლამენტში საგამოძიებო კომისია რომ შექმენით, გამოიძიეთ ხომ ყველაფერი?