გიორგი გახარია : „მართლწესრიგის ოფიცრის პირველი ნაბიჯი იქნება იმ ხიდის აღდგენა და გამყარება, რომელსაც ჰქვია ნდობა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის“

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დღეს
თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის ახალ
დანაყოფს, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური
პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი
სამუშაო დღის დაწყება პირადად მიულოცა და სიტყვით მიმართა.
„დღეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან
საქმეთა სამინისტროში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს სისტემური განახლების
რეფორმა და თქვენ ხართ პირველი რეალური, პრაქტიკული ნაბიჯი ამ რეფორმის
განხორციელებაში. თქვენი ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც
გახლავთ, ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების რეფორმის ყველაზე
მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ კრიმინალური პოლიციის რეფორმა,
კონკრეტულად კი – მისი სპეციალიზაცია საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული
მიმართულებით. დღეს თქვენ თბილისის ერთ-ერთ რაიონში იწყებთ პირველი
ნაბიჯების გადადგმას. თქვენი პირველი ნაბიჯები იქნება იმ ხიდის აღდგენა და
გამყარება, რომელსაც ჰქვია ნდობა პოლიციასა და ჩვენ მოქალაქეებს შორის.
თქვენი ყველაზე დიდი მიზანია, იზრუნოთ ჩვენ მოქალაქეებზე და უზრუნველყოთ
პრევენცია, რათა თავიდან ავირიდოთ დანაშაული. სწორედ ეს ღირსეული ფუნქცია
უნდა შეასრულოთ უაღრესად ეფექტურად და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენ
ქალაქში მშვიდი და უსაფრთხო გარემო, რომელშიც მოქალაქეებმა უნდა იშრომონ და
იზრუნონ თავიანთ ოჯახებზე.
მართლწესრიგის ოფიცერი არის თანამედროვე მიდგომების ყველაზე მაღალი
საფეხური საპოლიციო მომსახურებაში. ეს ის კომპონენტია, რომელზეც უნდა იყოს
დამყარებული ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება. უნდა მოიპოვოთ ისეთი ხარისხის
ნდობა, რომ თითოეული ოჯახი მათზე მზრუნველ მეგობრად აღგიქვამდეთ. ეს არის
ღირსეული მსახურება და მინდა, გისურვოთ ამ თქვენ პირველ ნაბიჯებში
წარმატება. მინდა, გისურვოთ ღირსეული მსახურება ამ ქალაქის და ამ ქვეყნის
მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა შინაგან საქმეთა
მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის
მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული
ინსტრუმენტია.
ოფიცრების შერჩევა მოხდა მოქმედი თანამშრომლებიდან, რომლებმაც
რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს და დღეიდან
მუშაობა დაიწყეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს
სამმართველოში.
პარალელურად, ღია კონკურსის მეშვეობით მოხდა მოსახლეობიდან მართლწესრიგის
ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა, რომლებიც ამჟამად ინტენსიურ
სწავლებასა და მომზადებას გადიან.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით,
ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით მთელ საქართველოში დაინერგება.

banner
წინა სტატიაში“მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხზე წარმოდგენა არ მაქვს” – გიორგი გახარია
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა