გიორგი გახარია : მადლობას ვუხდი თეა წულუკიანს საქართველოს მთავრობაში უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებ პარლამენტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თეა წულუკიანს საქართველოს მთავრობაში 8-წლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც მისი თქმით, თეა წულუკიანმა მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყნის განვითარებაში.

„მოგეხსნებათ, დღეს პირველი მთავრობის სხდომაა, როდესაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჩვენთან ერთად აღარ არის, მან დატოვა მთავრობის შემადგენლობა. მინდა, მას მადლობა გადავუხადო უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის საქართველოს მთავრობაში.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო მისი პერსონალური წვლილი საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში. ასევე მინდა, ჩამოვთვალო ის მიმართულებები, სადაც თეა წულუკიანმა მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყნის განვითარებაში. ეს არის აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, დანაშაულის პრევენციის მექანიზმების დანერგვა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა. რაც მთავარია, მთლიანად სისტემის ჰუმანურობის უფრო მეტი ჰუმანურობისკენ გადადგმული ნაბიჯები.

გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, საქართველოში რომ გვაქვს არასრულწლოვანთა ერთ-ერთი საუკეთესო კოდექსი, თეა წულუკიანის დამსახურებაა ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღწეული წარმატებები უკავშირდება თეას სახელს. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ახალ სტატუსში პარლამენტში, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ მისი მოღვაწეობა იქნება ასევე წარმატებული და ნაყოფიერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია და საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა, ვერ დააზიანებს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას
შემდეგი სტატიასაერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ