გიორგი გახარია – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი; სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდა არის სერიოზული პოტენციალი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „თხილის ფესტივალთან“ დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლევანდელი პროგნოზი არის დაახლოებით 50 000 ტონა თხილი, რაც დაახლოებით 100 მლნ დოლარის ექსპორტია.

„კარგ და მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი. ვერ გადავწყვიტეთ უბრალოდ რა დავარქვათ, „თხილობა“ თუ „კოროფუა“ და ახლა გადავწყვეტთ როგორმე. ზუგდიდელები ამბობენ, გინდათ თუ არა, „კოროფუა“ უნდა დავარქვათო. არ აქვს ამას მნიშვნელობა. სერიოზულად – ე.ი. თხილის მოსავალი მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ფაროსანას მიერ გამოწვეული პრობლემის გამო იყო საკმაოდ ცუდ დღეში ეს დარგი, ძალიან ეფექტურად იმუშავეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თვითონ ფერმერებმა, ასოციაციამ მათ შორის და წელს ჩვენ ველოდებით დაახლოებით 50 000 ტონას, ეს არის დაახლოებით 100 მლნ დოლარის ექსპორტი, კონკრეტულად სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, ცოტა კახეთში. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა,” – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება.

„საერთოდ, სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდა არის სერიოზული პოტენციალი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ დაიწყო უკვე ატმის მოსავლის აღება, იქ სერიოზული ზრდა გვაქვს ექსპორტში, ფაქტობრივად გავაორმაგეთ, 23 000 ტონაა ექსპორტირებული დაახლოებით, ახლა გვექნება ვაშლი, თხილი, შემოვა რთველი, ასევე ციტრუსები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. გარდა იმისა, რომ ძლიერმა ფერმერმა უნდა იზრუნოს და შეეძლოს ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, მას შეეძლება უკვე დაასაქმოს სხვა ადამიანები და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ გაიზარდა ფასი თხილზე, პრემიერმა ასე უპასუხა:
„თხილის ფასი ფორმირდება საერთაშორისო ბაზარზე. საქართველო სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის პატარა მოთამაშე, მე-5 მოთამაშეა. იმისთვის, რომ ფასის ფორმირებაზე ზემოქმედება შეგვეძლოს, ამიტომ 50 000 ტონა კი არა, 150 000 ტონა თხილი უნდა მოვიყვანოთ, რადგან დღეს სერიოზულად გვისწრებს იტალიაც, თურქეთიც და კიდევ ბევრი ქვეყანა. ამიტომ ჯერ უნდა გავძლიერდეთ თხილის მიმართულებით და შემდგომ უნდა გვქონდეს იმის პრეტენზია, რომ საერთაშორისო ბაზრებსა და ფასზე გვქონდეს ზემოქმედება.“

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე – პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება კანონით დასჯადია, თუ ამაზე მეტი ინფორმაცია გააჩნია, იმის მაგივრად, ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს, ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა