გიორგი გახარია – ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 30, 2020 14:37

გიორგი გახარია – ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება

ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და შეგვიძლია, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად ერთად, ზუსტად იგივე გავაკეთოთ ახლა, მეორე ტალღის პერიოდშიც ჩვენს მოქალაქეებთან, ბიზნესთან ერთად, შესაბამის სამინისტროებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად, ყველამ ერთად დავიცვათ მაქსიმალურად წესები და ეს არ არის რთული წესები, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უფრო ეფექტური ვერაფერი გამოიგონეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში სისტემური, „ლოქდაუნი“ არ იქნება, ვინაიდან ეპიდემიასთან ბრძოლაში, დღეიდან გამარჯვებას ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მინიმალური ზიანი მიადგება ეკონომიკას.

„ბევრი საუბარი იყო, წინასაარჩევნო კონტექსტში, „ლოქდაუნთან“ დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი მაგალითია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოქდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით „ლოქდაუნი“ არ იქნება და ვერ იქნება. მარტივად აგიხსნით რატომ – ჩვენს ნებისმიერ გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში, დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა გახდება ნომერ პირველი პრიორიტეტი. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ სპეკულირებდა ზოგიერთი, პირველი ტალღის დროს, ტესტირებების რაოდენობაზე, სწრაფ ტესტებზე და ა.შ. დრომ ყველაფერი აჩვენა. ზუსტად ასე იქნება მეორე ტალღის დროსაც. მეორე ტალღის ეფექტურობა შეფასებული იქნება მსოფლიოში და გლობალურად რამდენიმე პრიორიტეტით და ეკონომიკური რესურსის შენარჩუნება და მინიმალური ზიანი ეკონომიკაზე იქნება ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი,“- განაცხადა პრემიერმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 30, 2020 14:37