გიორგი გახარია ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა

საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე უდავოდ სანაქებოა – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ჰანს კლუგემ მაღალი შეფასება მისცა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში და ხაზი გაუსვა როგორც კლინიკური სასტუმროების, ისე ონლაინ კლინიკის უმნიშვნელოვანეს როლს. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლუგარის ლაბორატორიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს. აღინიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჰანს კლუგემ გიორგი გახარიას ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა.

აგრეთვე, მთავრობის მეთაურმა და ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ისაუბრეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლსა და მუშაობაზე. ყურადღება გამახვილდა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, დეკემბრის დასაწყისიდან ახორციელებს.

მთავრობის მეთაურმა ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა წლების განმავლობაში წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს არა მხოლოდ COVID-19-ის მართვის ნაწილში, არამედ სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისითაც.

აგრეთვე, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ ჯანმოს წარმომადგენლები მიმდინარე წელს სპეციალური მისიით ორჯერ იმყოფებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, არსებული ვითარების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის მიზნით.

შეხვედრას ჯანმოს მხრიდან, ევროპის რეგიონის ოფისის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული, ჯანმოს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა ჩერტოიანოვა და ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ხოლო საქართველოს მხრიდან, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი სალომე გაგუა ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური პარტია, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არჩევნებისას ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს
შემდეგი სტატიაცქიტიშვილი – ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა, არამხოლოდ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლების, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე