გიორგი გახარია – გაჩნდება ახალი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები

region
ავტ.: region აგვისტო 20, 2020 12:54

გიორგი გახარია – გაჩნდება ახალი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პროგრამა შეეხება ვაზსაც.

„ივლისში ჩვენ რამდენიმე რეგიონში გვქონდა სტიქია. სეტყვის გამო განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი და რაჭაც. მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა გარდა იმისა, რომ ჩვენს ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ფარავდა მიღებული მოსავლის დაკარგვის რისკს. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვნახეთ, რომ სეტყვის შედეგად ბევრ ჩვენს ფერმერს გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, იმისთვის, რომ მან აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები. რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად – რქაწითელი. იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა დაიწყება 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხებით.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რამეთუ ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ უფრო ხარისხიანი ჯიშებით ჩავანაცვლოთ როგორც ვაზი, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურები. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ფერმერების შემდგომ გაძლიერებას და მათ ეფექტურობას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

region
ავტ.: region აგვისტო 20, 2020 12:54