გიორგი გახარია- ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი საქართველოს სულ უფრო მეტ შედეგს მოუტანს

region
ავტ.: region სექტემბერი 16, 2019 15:25

გიორგი გახარია- ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი საქართველოს სულ უფრო მეტ შედეგს მოუტანს

იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ყოვლისმომცველი შეთანხმების კონკრეტულ ნაბიჯებზე, ოკუპაციასა და დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის საბაზისო, ძირითადი ფუნქციები, მათი ფასეულობები დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო იოჰანეს ჰანს თბილისში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც დაიწყო სასწავლო წელი და საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს, ევროპულ სკოლას. ეს გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დამადასტურებელი კონკრეტული შედეგი, რომლის განხორციელებაშიც კომისრის პირადი წვლილი ძალზე დიდია. ეს იყო მისი პირადი ინიციატივა და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ქმედებებისთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა, საქართველოში გვქონდეს ევროპული დონის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პირველ რიგში, განავრცობს ჩვენს ახალგაზრდებში ევროპულ ფასეულობებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი საქართველოს სულ უფრო მეტ შედეგს მოუტანს.

„დღეს ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების, ყოვლისმომცველი შეთანხმების კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ სად ვართ დღეს, რა გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორიც არის თავისუფალი, უვიზო რეჟიმი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც ინსტიტუციონალური, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა იყოს მაღალი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, ეკონომიკას, უფრო ხელშესახები შედეგი მოგვიტანოს ამ ხელშეკრულებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო მხარეს. აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მანდატი გავრცელდეს მთელს ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეების საბაზისო უფლებების დაცვასა და მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ვისაუბრეთ ასევე ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ ქვეყანაში დემოკრატიის საბაზისო, ძირითადი ფუნქციები, მათი ფასეულობები დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენი მაღალი დონის შეხვედრები და კოოპერაცია, რაც დღეს გვაქვს, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

region
ავტ.: region სექტემბერი 16, 2019 15:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,914
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics