გიორგი გახარია : ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი, სტრატეგიული მიმართულებაა და ეს არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი, ძირითადი სტრატეგიული მიმართულება და ეს არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება, რომელიმე პარტიის გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის სრულფასოვნად შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც აიღო ევროპელი პარტნიორების წინაშე და ამ მიმართულებით ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს.

„ხვალ, 27 ივლისს, ხდება 6 წელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი მე-4 თავის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერიდან, რაც იყო ფუნდამენტური საფუძველი, ფუნდამენტური ჩარჩო იმ გზაზე, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობამდე. ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანა დღეს, ყველა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც ავიღეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე და, ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობა დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს – შემუშავდა 2020 წლის ევროკავშირის ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამართალდამცავი სისტემა და ეს აშკარად გამოჩნდა აფრიკის რესპუბლიკასა და მალის კამპანიებში, ისევე როგორც ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფორმატებში, რომლის სამიტიც, მიუხედავად იმისა, რომ იყო დისტანციური რამდენიმე დღის წინ შედგა და რომელსაც ჰქონდა კონკრეტული შედეგები. ევროპარლამენტმა დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეზოლუცია და ევროპულ საბჭოს მოუწოდა საქართველოსთვის თანამშრომლობის გაფართოების სტრატეგიის შეთავაზება. საერთოდ, ამ მიმართულებით, გვაქვს სერიოზული პროგრესი და აქ შესაძლებელია „ოთხი თავისუფლებით“ სარგებლობის შემდგომი მოლაპარაკების გაძლიერება როგორიც არის – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფლების მიმართულებაზე საუბარი. ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს თანამშრომლობის გაფართოების სტრატეგია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ უახლოეს წლებში გარდა თავისუფალი სავიზო რეჟიმისა ჩვენი მოქალაქეებისთვის მოვიპოვოთ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები რათა ინტეგრირების, ევროკავშირთან სრულფასოვან წევრობამდე ინტეგრირების ნაბიჯები გადავდგათ და ეს ნაბიჯები იყო ძალზედ საგრძნობი ჩვენი მოქალაქეებისთვის,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს იმ დახმარებისთვის, რომელიც გაუწიეს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

„უვიზო მიმოსვლის ნაწილში, კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლებში იყო გარკვეული რისკები განსაკურებით არალეგალური მიგრაციის მიმართულებით. ჩვენ, ამ მიმართულებით, ეფექტურად ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან ძირითადად ორმხრივ ფორმატებში, ბევრი მიმართულებით ეს პრობლემები უკვე მოგვარებულია. ბევრ ქვეყანაში საქართველომ მიიღო უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნის სტატუსი, რაც აიოლებს შემდგომ ოპერირებას და თავისუფალი უვიზო რეჟიმის რისკებს შემდგომ ამცირებს. შესაბამისად, ესაა ის მიმართულებები რომლებზეც ჩვენ აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ვიყავით 6 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაემთხვა პანდემიის პერიოდს, იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და ეფექტური ღონისძიებები გატარებული საქართველოს მთავრობის მხრიდან და როგორც შეჯამება ამ ყველაფრის, ბოლო წლების განმავლობაში და ბოლო საანგარიშო პერიოდში მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმ დახმარებისთვის, რომელიც გაუწიეს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კონკრეტულად ეს იყო 183 მლნ ევრო, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირმა, როგორც სანდო და ეფექტურ პარტნიორს, საქართველოს გაუწია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმი უკვე ამუშავებულია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ჩვენი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნა