საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პარტიული შემომატებები ექნებათ, თუმცა მეტ დეტალზე ის არ საუბრობს.
გახარია აღნიშნავს, რომ გარკვეული შემომატებები მანამდეც ჰქონდათ, მაგრამ ამის გამოსაცხადებლად კონკრეტულ თარიღს ელოდებიან.
“შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენც არ ვართ მარტო ერთი პარტია. უბრალოდ, ჩვენ ზოგიერთი პარტიისგან განსხვავებით არ გაგვიცხადებია ეს ღიად, რადგან ველოდებით გარკვეულ თარიღს, როდესაც გამოვაცხადებთ ამ ყველაფერს. ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენი პარტიის სახელით…. მათ შორის პარტიული შემომატებებიც იქნება, არ ვამბობდით აქამდე მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მიმდინარე პროცესისთვის ხელი არ შეგვეშალა”, – თქვა მან გიორგი თარგამაძის ფორმულაში.
ამასთან, გახარია აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვების ფორმულა, რომელიმე ერთი პარტიის წარმატება არაა და ყველაზე დაბალი პროცენტის მქონე პარტიაც უნდა იყოს გათვალისწინებული.
“დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ორ საარჩევნო სუბიექტზე, ორ ნომერზე, ეს არის 9 ნომერი და 25 ნომერი, არ არსებობს სხვა სუბიექტები. ეს დაჯგუფება, რომელიც მოხდა ან მომავალში შეიძლება, მოხდეს, საბოლოოდ, ეს არის ერთი ერთეული. ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ ჩვენ. თუმცა, ყველა პარტია, არ აქვს მნიშვნელობა სიდიდეს, რომელსაც შეუძლია მინიმალური, თუნდაც, 0.1%-ის მოტანა, უნდა იყოს გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული, სხვანაირად ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ არის ბევრი ტექნიკური საკითხი, რომელზეც ახლა არ არის სასაუბრო, მაგრამ მე როდესაც ვამბობ, რომ ჩემმა გუნდმა დათმო პრაქტიკულად ყველაფერი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას და ამასთან ერთად, გვესმის, რომ გამარჯვების ფორმულა არ არის რომელიმე ერთი პარტიის წარმატება, ეს უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის რწმუნება, რომ არის შესაძლებელი ისეთი მთავრობა, რომელიც არ არის არც ოცნებისტი და არც ნაციონალური მოძრაობის”, – განაცხადა გახარიამ.