გიორგი გახარია – ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივე

მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეხებოდა თუ არა შეკრების შეზღუდვა ეკლესიებს.

კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება წმინდა სინოდის გუშინდელ განჩინებას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო ორი დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად.

„ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო ორი დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში და მე მაშინაც განვაცხადე და ვთქვი, რომ მაშინ უსაფრთხოების საბჭოზე ჩვენ მოვიწვიეთ ქალბატონი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმისათვის, რომ, როგორც კი დადგებოდა კონკრეტული ციფრობრივი მდგენელები, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღების სწრაფი შესაძლებლობა გვქონოდა. შესაბამისად ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი გახლავთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და ის, რომ შევაჩეროთ ვირუსის სწრაფი და მასშტაბური გავრცელება, ქვეყნის ფარგლებში,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა, თუ როგორ მოხდება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების დაცვა.

„საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას, უპირველეს ყოვლისა, ვალდებულება აქვს იმის, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს რწმენას და ეკლესიას, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ, შევქმნათ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს მეტნაკლებად უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივე და ამ კომუნიკაციაში ჩვენ სერიოზული პრობლემები არ გვექნება,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ავტობუსის ერთი მძღოლი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა