გიორგი გახარია – ჩვენი საბოლოო და არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანიც ქვეყნის გაერთიანება იყო, ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა ტრაგიკული მსხვერპლით, ომითა და უბედურებით

ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი იყო, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წილკანში განაცხადა, სადაც დღეს არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყოველთვის გვერდით დაუდგება არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

„გვახსოვდეს და ყოველთვის, ყველაფრით გვერდით ვედგეთ ოჯახს, რასაც ვცდილობთ, გავაკეთოთ და, რასაც გავაგრძელებთ ყველანი, სადაც ვიქნებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც თანამდებობას, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო გმირობის უდიდესი მაგალითი, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა. შესაბამისად, სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად, თავდადებით ხსოვნა, ვფიქრობ, ის არის, რაც უნდა გვაერთიანებდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ყველამ უნდა იზრუნოს, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები აღარ ხდებოდეს და ასეთ შემთხვევში შესაძლებელი იქნება გარკვეული ხიდების აღდგენა.

„ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები, რომ აღარ იქნება ჩვენს ცხოვრებაში, გვექნება შესაძლებლობა, რაღაც ხიდები აღვადგინოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი და არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანიც იყო ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა ტრაგიკული მსხვერპლებით, ომითა და უბედურებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. დღეს წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. წილკანში იმყოფებოდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. 2018 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროებისა და მკვლელობის გამო სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოსაც.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა
შემდეგი სტატიარაც დრო გადის, უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება