სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას – მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ -ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.
„რაც შეეხება სიების ჩახსნის თემას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ დღეს სიების ჩახსნის თემაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არაფერი რეალური არ აქვს შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს. იმიტომ, რომ ამომრჩეველი რეალურად გაბრაზებულია. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რომ სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ.
ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით იმ კრიზისზე მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ძალიან ცდება. ვინმე თუ ფიქრობს ან „ნაცები“, ან „ოცნება“, რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, რომ ჩვენ მათი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ასე არ იქნება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება. რაც დავადასტურეთ გუშინ. რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე როგორც ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს“ და არც ივანიშვილსა და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ“,- განაცხადა გახარიამ.