გიორგი გახარია: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს, ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს, ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა, ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ამ ბალანსის პოვნა და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ეკლესიასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით აკრძალვების მიუხედავად, ხალხი მაინც შეიკრიბა ტაძრებში და როგორი იყო სახელმწიფო პასუხი, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი საკითხი.

„დაჯარიმებები იყო, ეს არ ნიშნავს, რომ დაჯარიმდა ყველა ადამიანი, ვინც კანონი დაარღვია. ეს რთული საკითხია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, შედგა თუ არა ეკლესიასთან შეთანხმება, გიორგი გახარიამ აღნიშნა: „ყველანი ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ მდგენელები ქვეყნის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოცემულობები იცვლება. შესაბამისად, რაღაც შეთანხმებები შედგება. ხვალ იქნება საერთოდ სხვა გარემო, როდესაც ეს შეთანხმებები სხვა სახის უნდა იყოს. ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება ერთი საათის განმავლობაში სრულად შეიცვალოს. მინდა მოგაწოდოთ სახელმწიფოს პოზიცია, რომ კანონი არ დაირღვევა, ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს. სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს თითოეული თავისი მოქალაქის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. გარდა ამისა, სახელმწიფოს ესმის, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ ისე გამარჯვებულები, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანა დღეს რთული გამოწვევის წინაშე დგას და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არავის არ აქვს.

„ყველა ადამიანი ცდილობს, რომ ამ სირთულეზე გარკვეული სპეკულირება მოახდინოს. არ მინდა ამ თემაში ღრმა დეტალებში წასვლა. გამოწვევა არის ის, რომ ვიპოვოთ ოქროს ბალანსი, რომელზეც ახლა ერთობლივად ვმუშაობთ. ვმუშაობთ ყოველდღიურად. იდეალური არაფერი არ არის. ჩვენ ვნახეთ სამწუხარო კადრები, ხშირ შემთხვევაში გაურკვეველი და ზღვარს მიღმა კადრები, ყველამ იხილა. მთელმა მსოფლიომ ასევე იხილა კადრები, როგორ მიმდინარეობს ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურება ადამიანებს შორის დისტანციის დაცვით და ესეც გახდა სამაგალითო. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, პირველ რიგში არის ადამიანის ჯანმრთელობა, სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს. ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა, ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ამ ბალანსის პოვნა და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ეკლესიასთან ერთად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი: შესაძლოა, სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩი: ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას