გიორგი გახარია – არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავსი ღონისძიებებისთვის, გამოყენებული არ ყოფილა

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ყველა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებას აქვს თავისი პროტოკოლი, რომლის დარღვევაც იწვევს შესაბამის შედეგებს, რაც, გახარიას განცხადებით, ასევე უნდა გახდეს და არის ძირითადად გამოძიების საგანი.

„რაც შეეხება იმ კომპონენტს, რა საჭიროება იყო ამ ტყვიების გამოყენება თუ არ გამოყენება, ეს არის უკვე მთლიანად ღონისძიების მიმდინარეობის თემა. ეს აქცია 19:00 საათიდან 22:00 საათამდე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. საერთოდ არანაირი პრობლემა იქ არ არსებობდა, ვიდრე არ განხორციელდა პირდაპირი მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, რაც შემდეგ იყო განხორციელებული.

რეალურად აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – პრობლემა იყო კიდევ იმაში, რომ აქციაში მონაწილეობდა ძალიან ბევრი რიგითი მშვიდობიანი მოქალაქე, დასაწყისში ეს მართლაც ასე იყო. შემდგომ კი, მოხდა ჯგუფურად, შეთანხმებით პოლიციაზე თავდასხმა პარლამენტის შენობის შტურმის მიზნით. გათვლა ძალიან მარტივი იყო. ეს გათვლა მდგომარეობდა შემდეგში. ამ დროისთვის პარლამენტის შენობაში, სხდომათა დარბაზში უკვე განლაგებული იყო ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, კამერები და კიდევ ბევრი რამ. ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო შტურმის საშუალებით პარლამენტის სხდომათა დარბაზის აღება. ეს როდესაც გახდა ნათელი, შესაბამისად, პოლიცია გახდა იძულებული, შეესრულებინა თავისი ფუნქცია კონსტიტუციის, ინსტიტუტებისა და მოქალაქეების დაცვის. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე. რაც შეეხება ამ სპეციალური აღჭურვილობიდან რატომ იყო გამოყენებული რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი ან რა თანმიმდევრობით იყო ყველაფერი გამოყენებული, ეს იმდენად არის დაკავშირებული კონკრეტულ მომენტში კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში რა ხდებოდა, ეს არის მხოლოდ გამოძიების საგანი. სხვა ყველაფერი რის სუბიექტური შეფასება“,- აღნიშნა გახარიამ.

გახარიას თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს აქვთ უფლება, გამოიყენონ ბრძანების განსაზღვრული სპეციალური საშუალებები, ესენია ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და შემდგომ უკვე წყლის ჭავლი.

შს მინისტრის განცხადებით, სამწუხაროდ, იძულებული გახდნენ ეს ყველაფერი გამოეყენებინათ, რათა რისკის ქვეშ არ დამდგარიყო კონსტიტუცია, სახელმწიფო ინსტიტუტი, მოქალაქეების სიცოცხლე.

„ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი. ყველაფერი ამის შემდგომ და ამასთან დაკავშირებით რაც მოხდა, არის გამოძიების საგანი, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც კეთილსინდისიერად, ღირსეულად და ეს იყო ამ პოლიციელების უკიდურესად დიდი უმრავლესობა, შეასრულეს თავისი მოვალეობა.

22:00 საათიდან 00:00 საათამდე პოლიციელებს ჰქონდათ ერთადერთი საშუალება, რომ მხოლოდ ფარებით გაეწიათ წინააღმდეგობა იმ თავდასხმებზე, რომლებსაც ახორციელებდნენ. ამ დროის განმავლობაში, რადგან არ ჰქონდათ უფლება მიცემული, გამოეყენებინათ რაიმე სახის სპეცაღჭურვილობა, ამ კორდონიდან გატაცებული იყო 30 პოლიციელი. 30 პოლიციელი, რომლის მდგომარეობაც მათმა კოლეგებმა არც იცოდნენ, ისე იყო ეს ხალხი აქციის მონაწილეების მიერ გატაცებული“,- აღნიშნა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშითქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი, მე მგონი სჯობს – გადადექით
შემდეგი სტატიათამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას ნასროლი რეზინის ტყვია მიუტანა