გიორგი გახარია – ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლას, შსს-ს რეფორმირებას ფასი არ ექნება

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლას, შსს-ს რეფორმირებას ფასი არ ექნება.

შს მინისტრმა ამის შესახებ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად შექმნილი დანაყოფის – ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციისას განაცხადა.

შს მინისტრის თქმით, ახალი დეპარტამენტი უკვე ეძებს ახალ თანამშრომლებს.

„ჩვენთვის დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ერთი თვის წინ მთავრობის დამტკიცების დროს დავდევთ პირობა პარლამენტში, რომ შსს-ს სისტემის რეფორმირება დაიწყება თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ დაპირებას და ზუსტად ერთი თვის თავზე წარვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას.

ზუსტად ასევე, სხვა მიმართულებებით, როგორც ჩვენ გვქონდა დადებული პირობა სტრუქტურული რეფორმების და ასევე შინაარსობრივი ნაწილის რეფორმირების, იქნება წარდგენილი უახლოეს პერიოდში.

სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება პირველ რიგში კრიმინალურ პოლიციას, ასევე შეეხება სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმირება.

უფრო მნშვნელოვანია ჩვენთვის შინაარსობრივი ნაწილი რეფორმირების, რომელიც ეხება საგამოძიებო ინსტრუმენტების ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში და პრევენციას და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას.

ეს არის ჩვენი მიმართულებები, რომელზეც მუშაობა დაწყებულია და როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარდგენის ვადა დავიცავით, ისე დავიცავთ ყველა ვადას“, – განაცხადა შს მინისტრმა.

შს მინისტრის თქმით, დღევანდელ პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლას, შსს-ს რეფორმირებას ფასი არ ექნება.

„ეს არ გამოჩნდება უბრალოდ. იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ პირველი ნაბიჯი სისტემის რეფორმირების დაგვეწყო სწორედ ამ დეპარტამენტის შექმნით. დეპარტამენტს აქვს კონკრეტული მიზნები და ამოცანები.

მოგეხსნებათ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული.

აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა და ამ ჭრილში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობას იძენს სამართალდამცველების კომპეტენცია და გამოძიების ხარისხი.

ამ ამოცანების გადასაჭრელად არის შემქნილი ეს დეპარტამენტი, ეს იქნება მისი ძირითადი გამოწვევა და სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად იქმნება ეს დეპარტამენტი, რომლმაც უკვე გამოაცხადა თანამშრომლების მოძიების პროცესი, ეს არის ღია და მასში მონაწიელობის მიღება შეუძლია ყველას“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა, გადაზიდვა – რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაპოლიციის დეპარტამენტში გიორგი ჭანტურიას მამის გამოკითხვა დაიწყო