დღეს ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ წამოგვაძახა, რომ სენატში განიხილება თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომ იქ ისეთი ჩანაწერი იქნება, აგერ ნახავთო; მრჩება შთაბეჭდილება, ჩენი ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, ექსკლუზიური უფლება ჰგონია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ენის თარგმნა და შემდგომ ამით სპეკულირება ქართულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დეზინფორმაციის, იგივე ფეიკ ნიუსების, მოდელირებული რეალობის მეშვეობით, ადამიანებმა საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური დავის და პოლიტიკური მსჯელობის საგნად გახადეს კონკრეტული სამართლებრივი საქმის კონკრეტული პერსონაჟის, ამ შემთხვევაში ბატონი რურუას საკითხი, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, საკითხის მსგავს ტონალობაში დაყენება ტრაგიკულია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს რა ხდებოდა 90-იან წლებში და ის, რომ კონკრეტული ადამიანის სისხლის სამართლის საქმე დღეს სტრატეგიულ პარტნიორებთან მსჯელობის საგანი ხდება, საქართველოს მოქალაქისთვის, სხვა ყველაფერთან ერთად, შეურაცხმყოფელია.
„ჩვენს საზოგადოებას ხომ მეხსიერება აქვს, ჩვენს საზოგადოებას ხომ ახსოვს, რა ხდებოდა 90-იანებში, ჩვენს ზოგიერთ რეგიონს ახსოვს, საერთოდ რა ხდებოდა. ჩვენ ხომ მძიმე 90-იანები გვაქვს გამოვლილი და როდესაც ჩვენ, თითოეული ჩვენგანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური მსჯელობის საგანი ხდება სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული ადამიანის სისხლის სამართლის საქმე, ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე თავს გრძნობს შეურაცხყოფილად. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ფეიკ ნიუსები, ეს მოდელირებული რეალობა, ხელოვნურად შექმნილი ისტორიები, ქმნიან საფუძველს იმისთვის, რომ პოლიტიკური მსჯელობის საგანიც კი ხდებოდეს ის, რაც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის არის წარმოუდგენელი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ამ ყველაფერში მთავარი არის ის, რომ ბატონები საკუთარი ეგოს და ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინით, არაფრად დაგიდევენ იმას, რომ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს და სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, მიაყენონ მას ზიანი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ საკუთარი ეგოისტური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ეს არის ბოროტება და ზოგიერთს ტაშს დავუკრავდი ახლა აქ რომ ბრძანდებოდნენ და ვეტყოდი, ბატონებო, თქვენ ხართ ჩემპიონები ქვეყნის მტრობაში და ქვეყნისთვის ბოროტების ჩადენაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.