გიორგი გაბუნია ბოდიშის მოხდას არ აპირებს

გიორგი გაბუნია ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანის დასაწყისში განაცხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელ გადაცემას მის ნაცვლად ეკა კვესიტაძე წაიყვანს, რადგან ის რუსთავი2-ზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეში მთავარი ფიგურანტია.

“პირველ რიგში, მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მე და ჩვენი იურისტი ამ ტყვეობიდან დაგვიხსნეს. მადლობა პატრულს ოპერატიულობისთვის, მადლობა ჩვენი არხის დაცვის სამსახურს და დიდი მადლობა რუსთავი2-ის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, როგორც ერთი კაცი, დადგა რიგითი გაბუნიას გადასარჩენად. იქ იყო აბსოლუტურად ყველა, დაწყებული გენერალური დირექტორით და დამთავრებული დეკორატორებით, ყველა ერთად.

“აქვე მინდა ვთქვა, რომ, თუ ვინმემ ჩემი განცხადებების გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ეს არ ნიშნავს, რომ მას მე მივაყენე შეურაცხყოფა. ამიტომ მე არავისთან არაფერი საბოდიშო არ მაქვს. ვიღაცისთვის ჩემი, როგორც ასეთის, არსებობაც კი შეურაცხმყოფელია. ბოდიში ხომ არ უნდა მოვიხადო იმისთვისაც, რომ ვარსებობ? მე ამას არ გავაკეთებ. მე არ ვაპირებ არანაირი ბოდიშის მოხდას.

“დღევანდელი გადაცემა ეძღვნება ძალადობას და მუქარას, რომლის ქვეშაც რუსთავი2 და კონკრეტულად მეც ამ დრომდე ვრჩებით. ვინაიდან მე ამ საქმის მთავარი ფიგურანტი ვარ, ნამდვილად უცნაური იქნება დღევანდელი დისკუსიის წამყვანი თვითონ მე რომ ვიყო და საკუთარ თავზე ვილაპარაკო. ამიტომ სტუდიას ვუთმობ ჩემს პრინციპულ, შეუპოვარ და ამ შემთხვევაში, ნეიტრალურ კოლეგას – ეკა კვესიტაძეს,“ – განაცხადა გიორგი გაბუნიამ გადაცემის დასაწყისში.

banner
წინა სტატიაშიდმანისში მიწის ნაკვეთის აუქციონში პოლიტიკურმა პარტიებმა გაიმარჯვეს
შემდეგი სტატიადაპირების მიუხედავად, ტრამპმა პუტინს გამარჯვება მიულოცა