საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურს მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნია. ამით მან უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატების კითხვას რეკომენდაციების 41%-იან შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
გაბიტაშვილის განმარტებით, ამ პრობლემის მოგვარებაში უწყებას პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა დაეხმარონ. მან ხაზი გაუსვა, რომ დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, შედეგები მკვეთრად გაუმჯობესდება:
„აუდიტის სამსახური ვერ დაიბარებს რომელიმე გამგებელს და ვერ დაუწყებს კითხვების დასმას. ასეთი უფლებამოსილება არ გვაქვს, თორემ კითხვების დასმა ძალიან კარგად ვიცი წინა პროფესიიდან გამომდინარე. თუ მომანიჭებთ ასეთ უფლებამოსილებას, გარწმუნებთ, რეკომენდაციების შესრულების პროცენტი შეიცვლება, თან რადიკალურად. არ მაქვს სათანადო ბერკეტები და როგორ შევასრულებ?! მომეცით ბერკეტი და შევასრულებ!“ — განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.















