გიორგი დოხტურიშვილი: ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მომდევნო წელს 31 მილიონით მეტი დაიხარჯება

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, თანხა, რომელსაც დედაქალაქის მერია ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების კუთხით მომდევნო წლისთვის დახარჯავს მიმდინარე წელთან შედარებით 31 მილიონი ლარით არის გაზრდილი. 2017 წელთან შედარებით კი ამ თანხის ზრდამ 2021 წლისთვის 71 მილიონი ლარი შეადგინა.
განცხადება ამის შესახებ გიორგი დოხტურიშვილმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, რომელზეც დედაქალაქის მერის წლის შემაჯამებელი ანგარიში მოისმინეს და მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს.
„ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა და ამ მიმართულებით თბილისის მერმა დედაქალაქის საკრებულოსთან ერთად ქმედითი ნაბიჯები გადადგა.
მარტივი მაგალითისთვის გეტყვით, რომ თანხა რომელსაც დედაქალაქის მერია 2017 წელს ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების კუთხით ხარჯავდა 2021 წლისთვის 71 მილიონით არის გაზრდილი. მიმდინარე წელთან შედარებით კი ეს თანხა 2021 წლისთვის 31 მილიონით მეტია“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით აუცილებლად აღსანიშნავია იპოდრომის გასხვისებული ტერიტორია, რომლის გამოსყიდვა ფონდი „ქართუს“ ჩართულობით და დედაქალაქის მერიასთან თანამშრომლობით მოხდა. საუბარია 36 ჰა-ზე , სადაც თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა.
„ასევე აღსანიშნავია „ქართუსთან“ ერთად მთაწმინდის ფერდობზე არსებული დაზიანებული ნარგავების განახლება და ის მეგა-პროექტები რომლებიც თბილისის მერიამ დაგეგმა და მომდევნო წლებში განხორციელდება. ეს არის თემქის ხევის პარკის მოწყობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადის მოწყობა, ასევე დიღმის ჭალების, გლდანის ტბების, ვარკეთილის ხევის მოწყობა. ვფიქრობ, ამ პროექტების განხორციელების შემდეგ დედაქალაქში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება“,- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ვისურვებდი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანება შეგვძლებოდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა
შემდეგი სტატიასამეგრელოდან დეკანოზი გიორგი ბასილაია სვეტიცხოვლში ფეხით ჩავიდა