პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ჭანტურია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მმართველ გუნდს შორის არსებულ ფარულ კავშირებზე საუბრობს და ნიკა მელიას განცხადებებს ეხმაურება. ჭანტურიას შეფასებით, ოპოზიციური სისტემის ნაწილი კორუმპირებულია და უნდა დაინგრეს.
გახარიას პარტიის წევრის განცხადებით, ორ დიდ პოლიტიკურ ძალას შორის თანამშრომლობა სულ უფრო აშკარა ხდება, რაც ყველაზე მეტად თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვისაა დამაზიანებელი.
„დიდი ხანია ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და „ოცნების“ ფარულ კავშირებსა და თანამშრომლობაზე, „ოცნების“ მიერ ოპოზიციაში ჩანერგილ თუ გადაბირებულ ადამიანებზე, რაც სულ უფრო ცხადი და ნათელი გახდება, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ამომრჩევლისთვისაც, რომელთაც საკუთარი პარტია წლები ატყუებდა, შეურაცხყოფდა და როგორც ელექტორალურ საშუალებას, ისე უყურებდა“, — აცხადებს ჭანტურია.
გიორგი ჭანტურია მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური მოცემულობით მმართველი გუნდის დამარცხება შეუძლებელია, სანამ ოპოზიციურ ფლანგზე სრული გადატვირთვა არ მოხდება. მან ნიკა მელიას პოზიციაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ყალბ პროცესებზე რეაგირება ბევრად ადრე უნდა მოეხდინა:
„არსებული ყალბი, კორუმპირებული, დიდწილად ფულზე გაყიდული ოპოზიციური პოლიტიკური სისტემის ნაწილი უნდა დაინგრეს, რომ ახლის აშენება გახდეს შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში „ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ. კორუმპირებული არც ხელისუფლება გვინდა და არც ოპოზიცია!!!
მელიას თუ რამე ჰქონდა სათქმელი, ეს ადრე უნდა გაეკეთებინა და წლები ამ ყალბ პოლიტიკურ პროცესში არ მიეღო მონაწილეობა. ახლა მისთვის გვიანია“, — აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.















