შსს-ს მიხედვით პოლიციის განყოფილებაში შეიძლება ადამიანები აწამონ, რომლებიც ყვირიან და ეს არავინ გაიგოს? -ასე ეხმაურება იურისტი გიორგი ბურჯანაძე “ნოდარ მელაძის შაბათის”გასაჯაროებულ კადრებს, სადაც პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობაა ასახული.
“იმ განყოფილებას არ ჰყავს პასუხისმგებელი პირი? განყოფილებაში ხმა არ გადიოდა? ეს პირი ისე შეიყვანეს და გაიყვანეს, რომ არავინ პასუხისმგებელმა პირმა ეს არ იცოდა?
როგორ შეიძლება განყოფილებაში ვინმეს სცემონ და ეს არ იცოდეს ამ ერთეულის პასუხისმგებელმა პირმა? კამერები აყენია იქ.
2025 ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა შემთხვევითი შერჩევით შეარჩია 297 საქმე და აქედან 54-ში აღმოაჩინა რომ ადამიანს დაკავების ოქმში არ ეწერა დაზიანება, მაგრამ იზოლატორში შესახლებისას ჰქონდა დაზიანება. საიდან გაჩნდა ეს დაზიანებები?!” – წერს გიორგი ბურჯანაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “შაბათის ეთერის” ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.















