გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ სტატისტიკასა და გადატვირთულობის პრობლემაზე წერს.
ბურჯანაძის ინფორმაციით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა, ხოლო ოთხ დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აჭარბებს.
„2026 წლის ივლისში ციხეებში პატიმრების რაოდენობაც და ციხეების ლიმიტიც გაიზარდა. ივნისში თუ 12 332 პატიმარი იყო, ივლისში 12 440 გახდა.
ჯამში, 2026 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით პატიმრების რაოდენობა 108-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ 815-მა პირმა დატოვა ციხეები სხვადასხვა საფუძვლით.
15 ივლისს პაატა სალიამ #15 დაწესებულების ლიმიტი გაუზარდა და დაადგინა, რომ ამ ციხეში 216-ით მეტი პატიმარი ეტევა,“ — წერს გიორგი ბურჯანაძე.
ბურჯანაძის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ივლისში დადგენილ ლიმიტზე მეტი პატიმარი შემდეგ 4 დაწესებულებაში დაფიქსირდა:
#15 დაწესებულება — 35%-ით მეტი პატიმარი (მიუხედავად ციხის ლიმიტის გაზრდისა);
#8 დაწესებულება — 32%-ით მეტი პატიმარი;
#2 დაწესებულება — 29%-ით მეტი პატიმარი;
#17 დაწესებულება — 1.5%-ით მეტი პატიმარი.

















