მინდა, ამ მოღალატურ რეჟიმს ვუთხრა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა რაღაცა ქაღალდი, არამედ იდეა და რამდენიც არ უნდა ურტყათ წრე, ვერ გაანადგურებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომლის გარშემოც ყველა ქართველი პატრიოტია გაერთიანებული.
„მინდა, გამოვეხმაურო რუსული პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რომლის ამოცანაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება, გაუქმება. მინდა, ამ მოღალატურ რეჟიმს ვუთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მხოლოდ რაღაცა იურიდიული დოკუმენტი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის, უპირველეს ყოვლისა, ის ხალხი, რომელიც არის გაერთიანებული საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იდეის გარშემო. ეს არის ერთიანი, ძლიერი, ქართული, მაშასადამე, ევროპული სახელმწიფო, ეს ნიშნავს ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა და არა რაღაცა დოკუმენტი. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიც არ უნდა ურტყათ წრე, ამას უკვე აკეთებთ მე-13 წელია, ვერ გაანადგურებთ, ისევე როგორც ვერ გაანადგურებთ ქართველ ხალხს, იდეას, რომელიც არის უზენაესი. ეს არის მთავარი ჩვენი ხალხისთვის, რასაც ჰქვია თავისუფლება, ძლიერი, ერთიანი, ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო. ამიტომ სულ ტყუილია მათი მცდელობები“,- აღნიშნა გია ბარამიძემ.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული საზოგადოება თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევს და მოღალატე კრიმინალები აუცილებლად აგებენ პასუხს ეროვნული ინტერესების ღალატისათვის“.
„ნუ გგონიათ, რომ ახლა მსოფლიოში არ სცალიათ ჩვენთვის, უკრაინაში ომი მიდის, აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია თავის პოლიტიკას ატარებს სხვადასხვა რეგიონთან მიმართებით, ევროკავშირში ერთად ემზადებიან უკრაინის უფრო მეტად დასახმარებლად და ჩვენთვის არ ცხელათ და ბიძინა ივანიშვილისთვის არ ცხელათ. ასე არ არის. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როგორ დაასანქცირა უკვე გერმანიამ ეს რუსული რეჟიმი. ახლა უკვე კონგრესში იხილება „მეგობარი აქტი“. მოიწონეს კიდევაც კონგრესის საგარეო კომიტეტში. ასე რომ, ამ ადამიანებს ნუ ჰგონიათ, რომ შერჩებათ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. ნუ ჰგონიათ, რომ შერჩებათ ის დანაშაულები, რომლებსაც ისინი ჩადიან საქართველოს რიგითი მოქალაქეების მიმართ, რადგან ისინი იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის. მათ აუცილებლად, ადრე იქნება თუ გვიან, მაგრამ მე ვფიქრობ, უფრო ადრე, ვიდრე ისინი ფიქრობენ, მოუწევთ ამ ყველა დანაშაულზე პასუხისგება. ნუ ჰგონია ამ მოღალატე კრიმინალთა ბანდას, რომ შეძლებენ ქართველი ხალხის სანუკვარი, მართლა ოცნების და მიზნის რაღაცნაირად უკანა პლანზე გადაწევას და ხელს ააღებინებენ ამ მიზანზე ქართულ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ, მუქარაზე, რომ ჩვენ გაგვაუქმებენ, მათ ნუ ჰგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის რაღაცა ქაღალდი, დოკუმენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომლის გარშემოც არის ყველა ქართველი პატრიოტი გაერთიანებული. ეს არის იდეა ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, ქართული, მაშასადამე, ევროპული სახელმწიფოსი. ეს ნიშნავს ევროკავშირში წევრობას, ნატო-ში წევრობას და ეს აუცილებლად ასე მოხდება. ქართული საზოგადოება თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევს და ეს მოღალატე კრიმინალები აუცილებლად აგებენ პასუხს ეროვნული ინტერესების ღალატისათვის. პასუხს აგებენ იმ მრავალი დანაშაულებისათვის, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში ჩადიოდნენ, როდესაც თავს ესხმოდნენ, სცემდნენ, კლავდნენ, ატერორებდნენ რიგით ქართველებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოს თავისუფლება, მხოლოდ იმიტომ, რომ მართლა მშვიდობა, მართლა განვითარება, ნორმალური ქვეყნის მოქალაქეობა და საქართველოს კეთილდღეობა უნდოდათ. არ უნდოდათ რუსეთის ვასალობა, არ უნდოდათ რუსეთის მონობა და უნდოდათ, იყვნენ იმ ოჯახის წევრები, სადაც არის თავისუფლება, სადაც არის დემოკრატია და სადაც არის განვითარება“, – განაცხადა ბარამიძემ.