გიორგი ბარამიძე – გაუგებარია მთავრობის პოზიცია, რომ ჩვენ არ ვითხოვთ MAP-ს

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის განცხადებით, გაუგებარია მთავრობის პოზიცია, რომ ჩვენ არ ვითხოვთ MAP-ს. როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მიმდინარეობისას განუცხადა, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში პირდაპირ წერია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა მან ჯერ უნდა მიიღოს მაპი.

„ამის პირობა უნდა შესრულდეს, რომ ფორმალურად მივიღოთ MAP-ი, ვინაიდან შინაარსობრივად უკვე 2008 წლის შემდეგ გვაქვს MAP -ზე უფრო მეტი. თუ არადა ვარშავის სამიტზე ის მაინც უნდა მივიღოთ, რომ ამ სამიტმა გააბათილოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და თქვას, რომ საქართველოს აღარ სჭირდება MAP-ი იმისთვის, რომ მოემზადოს ნატო-ში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ჩვენ გვინდა ნატო-ს წევრობა, თუმცა ეს ფორმალობები არის დასაცავი და თუ ლოგიკას არ გავყევით ალიანსის წევრი ვერ გავხდებით.

ნატო-ს კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ფორუმის კომენტირებისას ბარამიძემ ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ძალიან სწორი სიტყვების გვერდზე, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ნატო-ს წევრი, ბევრი ისეთი რაღაც კეთდება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ მიზანს, მაგალითად მან დაასახელა მთავრობის მიერ ანტიდასავლური პრესის დაფინანსება.

„ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის სიტყვები. ამაზე საუბრობს უკვე საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე ეს დაადასტურა ევროპის საბჭოს კვლევამ. აბსოლუტურად გაუგებარია რანაირად შეიძლება ქვეყანაში, რომელიც მიდის ნატო-ში მთავრობა აფინანსებდეს პრორუსულ პრესას“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
შემდეგი სტატიათორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საქართველისთვის უკიდურესად სახიფათოა