თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ აფინანსებს არა აქციებს, არამედ ეხმარება ხალხს, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და რომლებსაც სახელმწიფო არეპრესირებს.
ბაჩიაშვილის თქმით, აქციების დაფინანსების მექანიზმი არ არსებობს.
„ეს იყო ტყუილი, რომელიც „იმედმა“ მოიგონა, ეს არის ივანიშვილის პირადი ტელევიზია, რომელიც ივანიშვილის მიერ ფინანსდებოდა ყოველთვის და შესაბამისად, ივანიშვილის ნარატივს აჟღერებს. თქვენ თქვით, აქციებს აფინანსებსო, აქციების დაფინანსება არის სხვა. აქციების დაფინანსების მექანიზმი არ არსებობს, მე არ ვიცი, როგორ დავაფინანსო აქციები, არ არსებობს ეს მექანიზმი, იქ არავის არც ხელფასი ეხდება მონაწილეობაში და არც არაფერია. რა დაფინანსება უნდა აქციას? პროტესტი ვისაც აქვს, ხალხი გამოდის და თავისი ფასეულობებისთვის დგანან, ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. რა დაფინანსება უნდა ამას, ვერ გავიგე. უბრალოდ სახელმწიფო, რომელიც არეპრესირებს ხალხს, რომელიც სცემს და საშინელ მდგომარეობაში ამყოფებს ხალხს, ვინც თავისი ფასეულობის გამო გარეთ დგას, იმ ხალხს ვეხმარები და ყოველთვის დავეხმარები ასეთ ხალხს“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.