გიორგი ანდრიაძის მიმართვა პარლამენტს – შესაძლოა, კანონმდებლებმა საკითხზე იმსჯელონ

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ანდრიაძის მიერ პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, თურქეთის მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, დეპუტატები გამოეხმაურნენ. პარლამენტარებმა ასევე კომენტარი გააკეთეს საკანონმდებლო ორგანოსგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, გიორგი ანდრიაძის მოთხოვნაზე.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ თუ მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით რაიმე დარღვევებია, ამის შესახებ ინფორმაცია შესაბამისმა სტრუქტურებმა პარლამენტს უნდა მიაწოდონ. არ არის გამორიცხული, რომ გიორგი ანდრიაძის მიერ გამოქვეყნებული მიმართვა საკანონმდებლო ორგანოში ერთგვარი პროცესის დაწყების მიზეზი გახდეს.

„მოქალაქეობის მიცემის თემა არის უთუოდ ძალიან საფრთხილო საკითხი. თუ არსებობს ასეთი ფაქტები, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, უნდა მოგვეწოდოს პარლამენტს. თუ მოგვეწოდება ეს ინფორმაცია, ფორმატს მოვიფიქრებთ, რა ფორმატში შეიძლება მსჯელობა,“ – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი, გიორგი ანდრიაძის მიმართვაზე ამბობენ, რომ ქარაგმებით საუბარს ჯობს, პირდაპირ ითქვას სათქმელი.

„ვის ემალება ეს ანდრიაძე, თქვას გვარი-სახელი, როდის მიენიჭა, რა მიანიჭა, ქარაგმებით, ფილოსოფიებით საუბარმა მარაზმის ფორმა მიიღო, ერთხელ და სამუდამოდ გასარკვევია, რა ხდება, თუმცა ხელისუფლება უწყობს ხელს, რომ სწორი გამოძიება არ იქნას,“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში„გვანცა ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ევროსასამართლომ ევროკონვენციის ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა
შემდეგი სტატიაპოლიტიკური ერთობა “ახალი საქართველოს” საარჩევნო სია პრაიმერით შეირჩევა