პატრიარქი ილია II განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დემოგრაფიულ საკითხებსა და ახალგაზრდობას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პრაქტიკული ნაბიჯებით,- ამის შესახებ თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ანდრიაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„ილია მეორე ერთადერთი პიროვნება იყო, რომელიც ზრუნავდა დემოგრაფიაზე, ბავშვებზე არამარტო სიტყვით, არამედ საქმით. ნათლულების საკითხი ამისთვის საკმარისი მაგალითია. ეს დაიწყო 1995 წელს, როდესაც პატრიარქმა უფასო ბანაკების მოწყობა დაგვავალა. ეს ბანაკები იქცა ბავშვების გაეკლესიურების ფორმად. ეს ყველაფერი დაიწყო დიასპორაზე ზრუნვით. შემდეგ დიასპორაზე ზრუნვა გაგრძელდა ლაზებზე, გურჯებზე. ლაზების თემას მინდა შევეხო. ეს დაკარგული ხალხი მან შეიფარა და დაუბრუნა ქართულ საზოგადოებას. პირველი მისასამძიმრებელი გვირგვინი ლაზებმა გამოუგზავნეს თურქეთიდან. მუსლიმურ სამყაროში მალევე კრძალავენ ადამიანს, მათ იფიქრეს არ დაკრძალონო და პირველი გვირგვინი ჩემი ხელით შევიტანე სამების ტაძარში.
ჩვენი უწმინდესის ყველაზე დიდი დამსახურება არის ის, რომ აღადგინა ისტორიული ეპარქიები, ტაო-კლარჯეთის, ლაზეთის. პირადად იმოგზაურა იქ. ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი მოგონებები“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
მისივე თქმით, პატრიარქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ კონსტიტუციური შეთანხმება, რომელსაც მან „უდიდესი მიღწევა“ უწოდა. მისი შეფასებით, ამ შეთანხმებამ საქართველოს ეკლესიას უნიკალური სამართლებრივი სტატუსი მიანიჭა, რომელიც სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებს არ აქვთ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქის ეპოქა რთული პოლიტიკური პროცესებით იყო დატვირთული, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან შეძლო ეკლესიის შენარჩუნება და გაძლიერება. ანდრიაძის თქმით, თავად პატრიარქი ყოველთვის უსვამდა ხაზს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდებოდა.














