გიორგი აბაშიშვლი : საკონსტიტუციო კომისიაში ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არის საზოგადოების აზრი

მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არის საზოგადოების აზრი- ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა. აბაშიშვილი მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მდინარაძემ თქვა, რომ გაუგებარია რას სთავაზობს პრეზიდენტი საზოგადოებას განსახილველად, როდესაც ჯერ არ არსებობს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, დაიწყო კამპანია ”კონსტიტუცია ყველასია”, რაც აბაშიშვილის თქმით, მნიშვნელოვნად დაეხმარება საკონსტიტუციო კომისიას, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს მასში რეალურად იყოს ასახული ქართველი საზოგადოების აზრი და საქართველოს თითოეული მოქალაქის პოზიცია.

მისივე თქმით, მთავარია, რომ ამ პროცესში საზოგადოების თითოეული წევრის მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყოს.

”საკონსტიტუციო კომისიის ცალკეულ წევრებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარებს არ გავაკეთებთ. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციის წერას, განხილვას საერთო-სახალხო ფორმატში, ანუ საზოგადოების მეტ ჩართულობას კონსტიტუციის წერის ფორმატში. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიის არსებული მოდელი ამ მოთხოვნებს ვერანაირად ვერ პასუხობს და ამ ეტაპზე მასში წარმოდგენილი არ არის საზოგადოების აზრი. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ კამპანია ”კონსტიტუცია ყველასია”, რაც მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვნად დაეხმარება საკონსტიტუციო კომისიას, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს მასში რეალურად იყოს ასახული ქართველი საზოგადოების აზრი და საქართველოს თითოეული მოქალაქის პოზიცია”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიასადი ამერიკელი სამხედროების სირიაში გადასხმას შეუთანხმებელს უწოდებს
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდება