გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მიერ, ადმინისტრაციისთვის შეთავაზებული 6 კანდიდატის ვინაობა დაასახელა.

აღნიშნული კანდიდატები არიან: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემურ ჭეიშვილი, კობა გვენეტაძე და მაია მელიქიძე.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღესვე კანდიდატები გადაეგზავნება ექსპერტებსა და შერჩევის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ექსპერტები კი, კანდიდატებს წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების – პროფესიული განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის და პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიხედვით განიხილავენ.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მომავალ კვირას ექსპერტების მიერ შერჩეულ კანდიდატებთან შედგება კომუნიკაცია და კანდიდატურები, ექსპერტთა შეფასებებთან ერთად, წარედგინება პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის ღია პროცესი ექსპერტებისა და არასამთავრობოების მონაწილეობით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ქართული კომპანიები მონაწილეობდნენ
შემდეგი სტატიასასწავლო პროცესი 267 საჯარო სკოლაშია შეჩერებული