გიორგი აბაშიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა ძლიერი ბერკეტია, რათა ყველა საარჩევნოდ გაცემული დაპირება შესრულდეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას აფასებს და ახალარჩეულ პარლამენტთან თანამშრომლობის აქტიურ სურვილს ადასტურებს.

“დღეს იყო თვისობრივად განსხვავებული პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისადმი. კერძოდ, შეეხებოდა თანამშრომლობის ფორმატებს და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღინიშნა, რომ პრეზიდენტი მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის საქართველოს პარლამენტთან. თუმცა, მან გაუსვა ხაზი, რომ არასდროს შეეგუება ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ამ ფარგლებში არის სწორედ თანამშრომლობის დიდი სივრცე“, – აღნიშნა ადმინისტრაციის უფროსმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა გამოთქვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელთაგან ერთერთი საკონსტიტუციო უმრავლესობის გამოყენების შესაძლებლობას შეეხება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს გამოწვევა აქციოს შესაძლებლობად. მას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ მისი ყველა საარჩევნო დაპირება შეასრულოს, რადგან აღარ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორები.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა ძლიერი ბერკეტია ამისათვის, ამიტომ ის ეკონომიკური ტიპის დაპირებები, რომელიც მათი მხრიდან გაიცა შესაძლებელია, რომ სრულად იქნეს შესრულებული“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმას ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტი ხედავს კონსტიტუციაში ცვლილებების საჭიროებას, ამიტომაც იგი მიესალმა პრემიერის ინიციატივას შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის ჩართულობით და ვენეციის კომისიასთან ერთად მომზადდებდა ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ნამდვილად სჭირდება საქართველოს. აბაშიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის ერთერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისათვის ევროკავშირის დროებითი მისიის მოწვევაა.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ვისაუბროთ განვითარებაზე და რეფორმებზე, უმთავრესი სასამართლო სისტემაა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ თუ კი რაიმე კითხვები არსებობს სასამართლოსთან დაკავშირებით, ეს კითხვებიც უნდა იყოს მოხსნილი“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მედიის ნაწილშიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მედიის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემუშავებას ითვალისწინებს.

„ჩვენ ვხედავთ იმ პრობლემებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში არსებობდა მედიასივრცეში. საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის ასოციაცია, იყო სწორედ ის ინსტიტუტი, რომელიც აქტიურად იცავდა მედიის თავსიუფლებას“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიაპარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება- მრეწველები” შეიქმნა