გიორგი აბაშიშვილი : რუსეთის არაკონსტრუქციულობის ფონზე, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია და უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საგანგაშო შემთხვევაცაა, რეგიონში ძლიერი დაძაბულობის შემტანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში სენატორ ორინ ჰათჩთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სენატორთან შეხვედრაზე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-ს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო საუბარი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, რუსეთის არაკონსტრუქციული ნაბიჯების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და შესაბამისად, ამ კუთხით, მხარდამჭერების მობილიზებას ევროკავშირსა და აშშ-ში.

„სწორედ ამას ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში, (ევროკავშირში), როდესაც მოხერხდა საქართველო – ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ სიმაღლეზე და თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა. აი, ამ ხაზის გაგრძელებაა ახლა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიCheck-in Georgia-ს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი იქნება
შემდეგი სტატიასასამართლო რეფორმის საკითხებზე ეკა ბესელია საფრანგეთში შეხვედრებს გამართავს