გიორგი აბაშიშვილი: კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ღირსეული და ძლიერი წევრი იქნება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ დასახელებული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი, ყველა შემუშავებულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, კობა გვენეტაძეს საფინანსო სექტორში და ეკონომიკის მიმართულებით მუშაობის ძალიან მრავალფეროვანი, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

“საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ბატონი კობა გვენეტაძე. კობა გვენეტაძე არის მაღალი პროფესიონალი. მუშაობდა წლების განმავლობაში და მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდში. მას აქვს საფინანსო სექტორში, ეკონომიკის მიმართულებით მუშაობის ძალიან მრავალფეროვანი, მრავალწლიანი გამოცდილება. ის არის იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რომელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც იქნა დადგენილი სწორედ იმ გამჭვირვალე პროცესის შედეგად, რომელიც იყო ექსპერტთა ჩართულობით წარმართული. ის ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შესაბამისად ბატონი კობა ვფიქრობ იქნება ძალიან ღირსეული ძალიან ძლიერი საბჭოს წევრი ეროვნული ბანკის შემადგენლობაში”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი განმარტავს, რომ პრეზიდენტმა დღეს გვენეტაძის კანდიდატურა იმის გამო დაასახელა, რათა არ ყოფილიყო გიორგი ქადაგიძის ვადის გასვლის შემდგომ წყვეტა.

“პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტმა დაასახელა ბატონი კობა გვენეტაძის კანდიდატურა იმიტომ, რომ 25 თებერვალს გასდის საბჭოს წევრობის ვადა გიორგი ქადაგიძეს. შესაბამისად, იმისთვის რომ არ იყოს წყვეტა, საჭიროა გარკვეული დრო, მათ შორის პარლამენტისთვის, რომ იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, აბაშიშვილი აღნიშნავს, რომ ამაზე საბჭო შეკრების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა სელფის წინააღმდეგ გამოვიდა
შემდეგი სტატიასუპერმარკეტ “სმარტის” წინ დაცვის თანამშრომელი დაჭრეს