გიორგი აბაშიშვილი : ჩვენი სურვილია, ფერეიდნელი ქართველების პროექტი გაგრძელდეს და მასში გოგონებიც ჩაერთონ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ფერეიდნელი ქართველებისათვის ქართული ენისა და ქართული ხალხური მუსიკის შემსწავლელი პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

პროექტს “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI” ახორციელებდა, რომლის ფარგლებშიც ფერეიდნიდან ჩამოსულმა ქართველმა ახალგაზრდებმა შეისწავლეს და დახვეწეს ქართული ენა და ქართულ ხალხურ სიმღერებს დაეუფლნენ.

პროექტი ახალგაზრდებისათვის ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიების მოწყობას და საქართველოს ისტორიული ძეგლების გაცნობასაც ითვალისწინებდა.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტის ინიციატივით ეს პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება.

“ამ ეტაპზე პროექტით სარგებლობის საშუალება მხოლოდ ვაჟებს აქვთ, მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ჩვენი სურვილია, სამომავლოდ ამ პროექტში გოგონებიც ჩაერთონ და ფერეიდნიდან ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლის საშუალება მიეცეთ”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

პროექტის შემჯამებელ შეხვედრაზე ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა ის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში შეისწავლეს. პროექტის მონაწილე 12 ფერეიდნელ ქართველს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცა.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა მოიხსნა
შემდეგი სტატიასინოპტიკოსები 6 დეკემბრიდან უნალექო ამინდებს პროგნოზირებენ