გიორგი აბაშიშვილი: ბატონი თოფაძის ე.წ. განცხადებას ყველაზე ადეკვატურ და სწორ პასუხს ქართული საზოგადოება გასცემს

ბატონი თოფაძის ე.წ. განცხადებას ყველაზე ადეკვატურ და სწორ პასუხს ქართული საზოგადოება გასცემს, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში მმართველი გუნდის წევრის, გოგი თოფაძის მიერ პრეზიდენტ მარგველაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თოფაძის განცხადება “შეფასების მიღმაა”.

“მე ვფიქრობ, ბატონი თოფაძის დღევანდელი განცხადება არის შეფასების მიღმა და ყველაზე უფრო ადეკვატურ სწორ პასუხს დღეს და მომავალ დღეებში მის ამ ე.წ. განცხადებას ქართული საზოგადოება გასცემს”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს, მისი შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლაში პრიორიტეტები და აქცენტები სწორად იყო შერჩეული.

“პოლიტიკოსთა შეფასებებიდან ჩანს, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში დაფიქსირებული პრიორიტეტები და აქცენტები იყო იმდენად სწორად შერჩეული, იმდენად სწორად გაანალიზებული, რომ პრაქტიკულად პრინციპულად განსხვავებული პოზიცია არ არსებობდა. დღეს ყველა თანხმდება პრეზიდენტის ძირითად აქცენტებზე – რომ საარჩევნო რეფორმა სასწრაფოდ არის გასატარებელი, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში პროაქტიული საგარეო პოლიტიკის წარმოებაა აუცილებელი და მათ შორის ყველა თანხმდება იმაზე, რომ რუსეთის რბილი ძალის მოქმედებაა გასათვალისწინებელი და განსაკუთრებით იმ ნაწილში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ “გაზპრომზე”. “გაზპრომთან” მოლაპარაკებები უნდა მიმდინარეობდეს სწორედ უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში და ძალიან გამჭვირვალედ ქართული საზოგადოებისთვის”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ხალხის კუთვნილი ფულები იფლანგება და ამ ადამიანებზე არანაირი რეაგირება არ ხდება”
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: თოფაძეს პრეზიდენტისადმი და საზოგადოებისადმიც ბოდიშის მოხდა მოუწევს